პუტინი საქართველოსთან და მოლდავასთან ღვინოსთან დაკავშირებული პრობლემით დაინტერესდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოსთან და მოლდავასთან ღვინოსთან დაკავშირებული პრობლემითა და ქართველ და მოლდაველ კოლეგებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებით დაინტერესდა და შესაბამისი კითხვით რუსეთის ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ ზურაბოვს მიმართა.
რუსეთმა საქართველოდან და მოლდოვადან ღვინის იმპორტი მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს რეკომენდაციის საფუძველზე 27 მარტიდან აკრძალა.
ზურაბოვის განცხადებით, რუსეთის ბაზარზე უხარისხო ღვინის პროდუქცია საკმაოდ ბევრია.
“ამოცანა მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ მივაღწიოთ კონტროლს მოლდავური და ქართული მხრიდან… მიზანია მივაღწიოთ იმას, რომ კოლეგებმა ამ პროდუქციის დამზადებისას და ყურძნის მოყვანისას გამოიყენონ მხოლოდ დასაშვები შხამქიმიკატები, ტექნოლოგიები და საბოლოო ჯამში, მიაღწიონ ამ პროდუქციის საჭირო ხარისხს. დღეს ძირითადი აქცენტი ამაზე კეთდება“, – აცხადებს ზურაბოვი, რომლის გამოსვლაც რუსეთის პრეზიედენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
ზურაბოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს რუსეთის ბაზარზე უხარისხო პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვას და შეზღუდვას, რადგან “ჩვენ ვიცით ციფრები: ჩვენთან 35 ათასი ადამიანი კვდება ყოველდღიურად უხარისხო ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად“.
ზურაბოვმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინის დავალების შესაბამისად უხარისხო პროდუქციაზე კონტროლი გამკაცრდება როგორც შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე რუსეთში იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე.
აქვე ვლადიმერ პუტინმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ “მოთხოვნები ერთნაირია“ როგორც შიდა მწარმოებლების, ისე იმპორტიორების მიმართ.
This post is also available in: English (ინგლისური)