
“დემოკრატიული ფრონტი“ ახალი ტიპის მონიტორინგის ჯგუფს ქმნის
დღეს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლებმა მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც საზოგადოებისათვის საინტერესო თემებზე დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს.
საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც დეპუტატებთან ერთად ჟურნალისტებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შეეძლებათ გაერთიანება, გამოიძიებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის ოჯახის ბიზნეს–ინტერესებს, დაინტერესდება აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ქონების ბედით და ა.შ.
“ეს ჯგუფი მუდმივად მოაწყობს მონიტორინგს, მოაგროვებს მასალებს, რომელსაც გაუკეთდება ანალიზი და გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი“, – განაცხადა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე “დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, “ესაა მცდელობა შევავსოთ ის დეფიციტი, რომელიც არის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, საპარლამენტო და დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიების კუთხით ქვეყანაში“, – დასძინა ზურაბიშვილმა.