
კანარგომ და საქართველომ გაზის გაყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
კომპანია “კანარგომ“ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ, იტყობინება გაზის და ნავთობის მოპოვების და წარმოების კომპანია “კანარგო“ 3 მარტს.
შეთანხმებას “კანარგოს“ პრეზიდენტმა დევიდ რობსონმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 2 მარტს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი. ცერემონიას, რომელიც საინვესტიციო ფორუმის “ინვესტირება საქართველოში“ პარალელურად გაიმართა, ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.
შეთანხმების თანახმად, “კანარგო“ თბილისის მახლობლად მდებარე კუმისის გაზის საბადოდან ქართველ მომხმარებელს გაზს თავდაპირველად ათას კუბურ მეტრზე 55 აშშ დოლარად მიაწვდის, ხოლო კონტრაქტის მეათე წლისათვის ეს ფასი 80 აშშ დოლარამდე გაიზრდება. ათი წლის შემდეგ კი ფასი დამოკიდებული იქნება ევროკავშირში საწვავის ფასის ცვლილებებზე.
“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ შეთანხმებას მივაღწიეთ და “კანარგოსთან“ ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ ვისწრაფვით. საქართველომ უნდა განავითაროს თავისი გაზის შიდა რესურსები, რათა შეამციროს თავისი დამოკიდებულება იმპორტზე. ამ პროექტის წარმატება ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ.
“მე უაღრესად მოხარული ვარ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოვაწერე ხელი. ჩვენ გვჯერა, რომ კუმისის გაზის საბადოს ძალიან კარგი პოტენციალი აქვს, რომ საქართველოს გაზის მოთხოვნის დიდი ნაწილი დააკმაყოფილოს“, – განაცხადა “კანარგოს“ პრეზიდენტმა დევიდ რობსონმა.