ახალი ამბები

ომბუდსმენი ფინანსურ პოლიციას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 2 მარტს განაცხადა, რომ თბილისში და მის შემოგარენში არსებულმა რესტორნებმა მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი განიცადეს ფინანსური პოლიციის მიერ ამ რესტორნების შემოწმების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევების გამო.


2005 წლის დეკემბრის და 2006 წლის იანვრის განმავლობაში ათობით რესტორანი იძულებული გახდა სულ ცოტა ორი კვირით ან ერთი თვით შეეწყვიტა მუშაობა, მას შემდეგ რაც ფინანსურმა პოლიციამ ამ რესტორების ფინანსური საქმიანობის შემოწმება დაიწყო. 


“არც ფინანსურ პოლიციას, არც საგადასახადო დეპარტამენტს არ ჰქონდათ უფლება გაეყინათ ამ ობიექტების საქმიანობა. რა თქმა უნდა, ბრძოლა გადასახადების დამალვის წინააღმდეგ საჭიროა, მაგრამ არა კანონის დარღვევის ხარჯზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


ფინანსური პოლიციის უფროსმა დავით კეზერაშვილმა უარყო ეს ბრალდებები და მათ “უსაფუძვლო“ უწოდა. “ვერ გამიგია, რატომ არის გადასახადების დამალვის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის უფლებების დარღვევა. თითოეულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სასამართლოს ნებართვა შემოწმების ჩატარებაზე“, – განაცხადა დავით კეზერაშვილმა 2 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ფინანსურ პოლიციას თბილისის ორ რესტორანთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს ნებართვა არ ჰქონია. 


სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხის შესწავლის დროს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა დაკითხეს რესტორნების მეპატრონეები. “მაგრამ, როგორც ჩანს, მათი უმეტესობა დაშინებულია ან ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რადგანაც თავს იკავებენ ზუსტი პასუხების გაცემისგან“, – განაცხადა სუბარმა.

Back to top button