ახალი ამბები

მოსკოვი შსკ-ს სხდომის ვლადიკავკაზში ან ცხინვალში ჩატარების ინიციატივით გამოდის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვალერი კენიაიკინმა 2 მარტს საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ჩატარება მხოლოდ ვლადიკავკაზში ან ცხინვალშია შესაძლებელი.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 2 მარტს განაცხადა, რომ იგი შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა სამხრეთ ოსეთის მხარემ ეს წინადადება უარყო.  


“მისი [შსკ-ს სხდომის] თბილისში ჩატარება არ შეიძლება იმ მუქარების გამო, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა [ვანო მერაბიშვილმა] სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის მისამართით გააჟღერა. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ვერ ჩავა თბილისში ამ ფონზე. შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარება ამ განცხადებების ოფიციალურად უარყოფის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა ვალერი კენიაიკინმა.


მისი თქმით, შსკ-ს სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემა უნდა გახდეს ერთობლივი ქართულ-ოსური სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი. 


“დროა უარი ვუთხრათ ცალმხრივ ინიციატივებს… საჭიროა პროგრამებზე და პროექტებზე ერთობლივი მუშაობა, რომლებიც შემდეგ მხარეთა ხელმძღვანელებს წარედგინებათ ხელმოსაწერად“, – განაცხადა კენიაიკინმა.


 

Back to top button