ახალი ამბები

ქართველ დამკვირვებლებს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უშვებენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ დღეს მიიღო უარი ბელარუსის ხელისუფლებისაგან, რომლითაც ქართულ დელეგაციას 19 მარტს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სახით მონაწილეობა აუკრძალეს.


“ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 20 იანვარს დაიწყო, როცა ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო (ცსკ) კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის ეპატიჟება დსთ–დან ყველა ქვეყნის მისიას,  საქართველოს გარდა…თუმცა ამის შემდეგ კიევში დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეაზე [9–10 თებერვალს]ჩვენი პროტესტის შემდეგ მივიღეთ პირობა, რომ ქართული დელეგაცია იქნებოდა დაშვებული ამ არჩევნებზე, თუმცა დღეს მივიღეთ აბსოლუტურად აბსურდული ახსნა–განმარტებები [უარის შესახებ], რომ ჩვენს მიერ შევსებული ანკეტები დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა“, – განუცხადა გივი თარგამაძემ დღეს “რუსთავი 2“.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსის ცსკ–მ დამკვირვებელთა სიმრავლის მოტივით 25 თებერვალს შეწყვიტა დამკვირვებელთა აკრედიტაცია, “ჩვენ გვექნება კიდევ ერთი მცდელობა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არჩევნებში მონაწილეობისა, რაც დღესვე განხორციელდება“.


“როგორ ჩანს, ბელორუსის ხელისუფლების მხრიდან ქართული დელეგაციის შიში საკმაოდ სერიოზულია. ვთვლი, რომ ეს შიში საკმაოდ მოტივირებულია და მიუხედავად იმისა იქნება თუ არა იქ სადამკვირვებლო მისია, ჩვენ ბელარუსი ხალხისადმი ჩვენს დახმარებას არ შევწყვეტთ“, – დასძინა თარგამაძემ.


მისი თქმით, იგი რამოდენიმე კვირის წინ სტუმრობდა ბელარუსს, რაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ.

Back to top button