ახალი ამბები

სააკაშვილი: გაზზე ტარიფის გაზრდა წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2006 წლიდან “გაზპრომის“ მიერ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ღირებულების მოსალოდნელ გაზრდას “პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“ უწოდებს. 

“გაზპრომის” ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ 2006 წლიდან კომპანია საქართველოსთვის გაზის ღირებულების გაზრდას გეგმავს არსებული 63 აშშ დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე. 


“ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა ეკონომიკური… გაზის გაძვირება ქართულ ეკონომიკას დაარტყამს, თუმცა დემოკრატიულ განწყობას ვერ ჩაახშობს… გაზის ძირითადი მომხმარებლები საქართველოში რუსული კომპანიებია და ყველაზე დიდი ზიანი მათ მიადგებათ“, – განაცხადა 1 დეკემბერს უკარაინაში ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც კიევში “დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის“ დამფუძნებელ ფორუმში მონაწილეობს.


ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებასთან, რომელმაც მოსკოვში 25 ნოემბერს ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გაზის ღირებულების ზრდა მნიშვნელოვან ზარალს არ მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას. მისი თქმით, გაზის ღირებულების ზრდის შედეგად გამოწვეული ფინანსური ზარალი მშპ-ის მხოლოდ 0.6%-0.7%-ს შეადგენს.  


“თუმცა ამ ზარალის კომპენსაცია იმ ეკონომიკური ზრდით მოხდება, რომელიც მომავალ წელს ორნიშნა ციფრამდე გაიზრდება”, – განაცხადა ნოღაიდელმა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button