ახალი ამბები

სააკაშვილმა რუს ჟურნალისტებზე თავდასხმა “ეროვნული სიამაყით” გაამართლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ სექტემბერში რუს ჟურნალისტების ჯგუფზე კახეთის რეგიონის სოფელ ნაფარეულში განხორციელებული თავდასხმა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ “ეროვნული სიამაყის გამოხატულება“ იყო.


რუსული ტელეკომპანია НТВ-ს ჟურნალისტები კახეთის რეგიონს სტუმრობდნენ, რათა ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრი გაეგოთ პრეზიდენტ სააკაშვილის და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს შესახებ გადაღებული პაროდიული ფილმის შესახებ. ფილმი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის სპონსორობით გადაიღეს.


ნაფარეულის ადგილობრივმა მოსახლეობამ გამგებელთან ერთად ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც მათ ფილმის შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვეს. განრისხებულმა მოსახლეობამ ტელეკომპანიის ვიდეოკამერაც დააზიანა.    


სააკაშვილმა ამ ინციდენტზე კომენტარი 20 ნოემბერს ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა. მან ეს ინციდენტი იმის მაგალითად მოიყვანა, რომ საქართველოს მოქალაქეებში “ეროვნული სიამაყის გრძნობა“ გაიზარდა. მისი თქმით, ეს ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.


მისი თქმით, ეს “ეგრედ წოდებული“ ჟურნალისტები ფიქრობდნენ, რომ ფილმის ჩვენების შემდეგ ისინი შეძლებდნენ ჩაეწერათ, თუ როგორ მიესალმებიან ქართველები თავიანთი ეროვნული სიამაყის ფეხქვეშ გათელვას. სააკაშვილის თქმით, ეს ფილმი შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო პრეზიდენტს, არამედ ფეხქვეშ თელავს ქართველების ეროვნულ სიამაყეს.


“თუმცა მთელმა საქართველომ და რუსეთმა დაინახა, თუ რა იყო ნაფარეულის მაცხოვრებლების პასუხი [რუსი ჟურნალისტებისთვის], რომლებიც, უნდა ავღნიშნო, რომ ცნობილი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით. ნაფარეულის მოსახლეობას გააჩნია ეროვნული სიამაყის გრძნობა და მათ შესაბამისი პასუხიც გასცეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ, 5 სექტემბერს რუსეთის საელჩომ თბილისში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან მიეღო ზომები დამნაშავეთა დასასჯელად და მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button