skip to content
ახალი ამბები

დასავლეთ საქართველოში სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა

ჩოხატაურის რაიონის ერთ–ერთ სოფელში გადაუღებელი წვიმების გამო ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა ხუთი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს.   


სამეგრელოს, გურიისა და აჭარის მთელ რიგ რაიონებსა და ქალაქებში  წყალდიდობის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დანგრეულია გზები და ხიდები.

შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე ადგილი ჰქონდა ძლიერ შტორმს, რის შედეგადაც დაიტბორა სანაპირო ზოლში მდებარე საცხოვრებელი სახლები და მოსახლეობის ნაწილი უსახლკაროდ დარჩა.


ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიადან ევაკუირებულია დაახლოებით 30-მდე ოჯახი. წყალდიდობა იყო ასევე ფოთში, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.


ჯერ-ჯერობით დაუდგენელია სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა, რადგან წვიმები კვლავ გრძელდება.


დასავლეთ საქართველოში წყალდიდობა და მეწყერი წელს უკვე მეორედ განმეორდა. სტიქიამ, რომელმაც აპრილსა და ივნისში თითქმის მთელი საქართველო მოიცვა, სახელმწიფოს მილიონობით ლარის ოდენობით მატერიალური ზარალი მიაყენა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button