ახალი ამბები

რუსეთის ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოში რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.


შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რომ რეგიონში სიტუაცია, მათ შორის კრიმინოგენული, კვლავ რთული რჩება.


ცხინვალის რეგიონში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 20 სექტემბერს ცხინვალში ჭურვების აფეთქებამ 10 ადამიანი დააზარალა, ხოლო 21 სექტემბერს ქართულ სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს.


რუსეთის ელჩმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ, რაც მათ ფუნქციებში შედის.


“სამშვიდობოების ფუნქცია არ არის ებრძოლოს კრიმინალებს. მათ არ გააჩნიათ პოლიციური უფლებები“, – განუცხადა 22 სექტემბერს პარლამენტში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს.


საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა კონფლიქტის ზონებში მოქმედი რუსი სამშვიდობოები მათზე დაკისრებული მისიის შეუსრულებლობის გამო. ამის თაობაზე პარლამენტი მკაცრი დადგენილების მიღებას მომავალ კვირას გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button