Placeholder canvas
ახალი ამბებიწერილები

“ბორჯომის დეკლარაცია” – სრული ტექსტი

ბორჯომი, 2005 წლის 12 აგვისტო

ჩვენ, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები გამოვთქვამთ მტკიცე რწმენას, რომ დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას და წინაპირობას წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებში და ასევე ჩვენს რეგიონში, რომელიც, მდებარეობს რა ევროპაში და აერთიანებს ბალტიის, შავ და კასპიის ზღვებს, უზარმაზარი პოტენციალითაა დაჯილდოებული. ამ რეგიონში დემოკრატიისა და სტაბილურობის არსებობა მთელს ევროპაში ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამკვიდრების წინაპირობაცაა.


გამოვთქვამთ მტკიცე რწმენას, რომ ჩვენი რეგიონი, იმ შემთხვევაში თუ იგი განვითარდება დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის პრინციპებზე დაყრდნობით, იქცევა ევროპაში შესაძლებლობათა განვითარების ერთ-ერთ მთავარ სივრცედ, რომელსაც ექნება ადამიანური რესურსების უნიკალური პოტენციალი, სატრანზიტო მაგისტრალები, ენერგო რესურსები და ევროპის, ცენტრული აზიისა და შორეული აღმოსავლეთის დამაკავშირებელი საკომუნიკაციო ქსელები.


ვდებთ პირობას, რომ ჩვენს ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში, როგორც ევროპული ოჯახის წევრებში, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს და ისტორიას, ჩვენ განვახორციელებთ ზემოაღნიშნულ პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას.


როგორც “დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის” წევრები, ვიზიარებთ რა მსოფლიოში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოების ამ გლობალური ფორუმის უნივერსალურ მიზნებს, ჩვენ ვიცავთ ამ თანამეგობრობის პრინციპებს სეულის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს რეგიონულ თანამშრომლობას დემოკრატიის ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით. ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ, ევროპის ჩვენს ნაწილში შევქმნათ დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობა – “დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა.”


ჩვენი მიზანია ეს თანამეგობრობა ვაქციოთ იმ ძლიერ ინსტრუმენტად, რომლის საშუალებითაც აღმოვფხვრით ჩვენს რეგიონში დარჩენილ ყველა გამყოფ ხაზს ადამიანის უფლებათა დარღვევებს, კონფრონტაციის ნებისმიერ გამოვლინებას, გაყინულ კონფლიქტებს. ამ გზით ხელს შევუწყობთ მთელს ევროპაში, ატლანტის ოკეანიდან კასპიის ზღვამდე დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის ახალი ეპოქის დაწყებას.


ამრიგად, ჩვენ გადავწყვიტეთ მოვუწოდოთ ბალტიის, შავი და კასპიის ზღვების რეგიონის ყველა იმ ხელმძღვანელს, რომელიც იზიარებს ახალი ევროპის ჩვენეულ ხედვას და ჩვენს რწმენას რეგიონის მომავლისა და პოტენციალის, ასევე დემოკრატიული მიზნების მიმართ, შემოგვიერთდნენ ~დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობაში.~ უკრაინაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვინც ერთგულია დემოკრატიის იდეის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ბალტიის-შავი-კასპიის ზღვის რეგიონის დემოკრატიის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სივრცედ გადასაქცევად, რათა ეს რეგიონი სრულად იქნას ინტეგრირებული როგორც ევროპაში, ისე დემოკრატიულ ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში.


ვაცხადებთ რა ჩვენს განზრახვას 2005 წლის შემოდგომაზე სამიტის ჩატარებასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ რეგიონის ყველა ლიდერს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მიზნებს, შემოგვიერთდნენ დემოკრატიული არჩევნის აღნიშვნაში. ჩვენ ასევე ვიწვევთ ევროკავშირსა და რუსეთს, დაესწრონ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით, რათა შეისწავლონ გზები, რომლითაც ეს დემოკრატიული რეგიონი, როგორც ახლო მეზობელი, თავის წვლილს შეიტანს კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. ჩვენ ვიწვევთ ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც დამკვირვებელს და როგორც “დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის” წარმომადგენელს.


ჩვენ ვთავაზობთ, უკრაინაში ერთად დავუსვათ წერტილი ევროპის დაყოფის, თავისუფლებების დარღვევისა და ძალითა და შიშით ბატონობის ისტორიას და სათავე დავუდოთ ურთიერთპატივისცემაზე, ნდობაზე, ტრანსპარენტულობასა და თანასწორობაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.


უკრაინის პრეზიდენტი – ვიქტორ იუშჩენკო
საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი

მსგავსი/Related

Back to top button