რუსი და აფხაზი ექსპერტები რკინიგზის შეფასება დაიწყეს
რუს და აფხაზ ექსპერტთა ჯგუფი 10 აგვისტოს აფხაზეთის რკინიგზაზე არსებული მდგომარეობის შეფასებას შეუდგა, იტყობინება აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“.
ქართველი ექსპერტები თავიანთ რუს და აფხაზ კოლეგებს 9 აგვისტოს უნდა შეერთებოდნენ; თუმცა, თბილისის განცხადებით, აფხაზურმა მხარემ თვითგამოცხადებულ რეგიონში არ შეუშვა აფხაზეთიდან დევნილი ქართველი ექსპერტები.
„აფსნიპრესი“ იტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერის ლეონიდ ლაკერბაიას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ აფხაზურ მხარეს არ გააჩნია ინფორმაცია ქართველი ექსპერტების არყოფნის მიზეზის თაობაზე. „ქართულ მხარეს არ გააჩნია რაიმე მოტივირებული მიზეზი ექსპერტთა მუშაობაში მონაწილეობის უარყოფაზე“, განაცხადა მან.
„როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ პოლიტიკა ეკონომიკაზე მაღლა დადგა“, დასძინა ლაკერბაიამ.
თუმცა, ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ქართული მხარის პრეტენზიებზე, რომლის მიხედვითაც აფხაზურმა მხარემ არ შეუშვა ის სამი ქართველი ექსპერტი, რომლებიც დევნილები არიან.
თბილისის გეგმები ამ საკითხთან დაკავშირებით გაურკვეველია. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ქართველი ექსპერტები აფხაზეთში ამ დღეებში გაემგზავრებიან, თუმცა უცნობია, იქნებიან თუ არა მათ შორის დევნილები. თუმცა, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველი ექსპერტები აფხაზეთში გამგზავრებას ჯერ არ გეგმავენ.
ამავდროულად, „აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზ და რუს ექსპერტთა 26-კაციანმა ჯგუფმა გაგრასა და სოხუმში რკინიგზის შეფასების სამუშაოები დაიწყო. ჯგუფი ასევე ამოწმებს მდინარე ფსოუზე არსებულ ხიდს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)