ახალი ამბები

ჩოჩიევი ერგნეთი-კეხვის მაგისტრალური გზის გახსნას მოითხოვს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სამხრეთ ოსური ნაწილი შეშფოთებულია, რომ დღემდე ვერ მოხერხდა კონფლიქტის ზონაში ერგნეთი-კეხვის ტრანსმაგისტრალური გზის გახსნა, რაზეც ქართული და ოსური მხარეები ჯერ კიდევ 22-23 ივნისს მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე შეთანხმდნენ.


გზის ეს მონაკვეთი 29 მაისს თამარაშენთან მომხდარი შეიარაღებული შეტაკების და 6 ივნისს ცხინვალიდან ქართველების გაუჩინარების შედეგად შექმნილი დაძაბული ვითარების გამო ჩაიკეტა.   


ბორის ჩოჩიევმა წერილით მიმართა შსკ–ს თანათავმჯდომარეებს და კონფლიქტის ზონაში განლაგებულ შერეული სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას, რათა რეაგირება მოახდინონ ამ საკითხზე. 
 
“უნდა აღინიშნოს, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე  შეწყვეტილია კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების გადაწყვეტილებით,  იმ მოტივით, რომ ქართული მხრიდან უსაფრთოხების გარანტიები არ არსებობს“,  ნათქვამია ბორის ჩოჩიევის წერილში.


შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა მარატ კულახმეტოვმა 29 ივნისს განაცხადა, რომ გზის გახსნა “ჯერ ნაადრევია, კონფლიქტის ზონაში დაძაბული ვითარების გამო“.
 
დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე დიდი ლიახვის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა შს მინისტრისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან  ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის ბლოკირებასთან დაკავშირებით დეპუტატებისათვის ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა.


ვახტანგაშვილის თქმით, დღეისათვის ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ახერხებს გადაადგილებას და “პრაქტიკულად ბლოკადაში იმყოფება“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button