skip to content
ახალი ამბები

რუსული გაზეთი აფხაზეთის რკინიგზაზე მოლაპარაკებების დეტალებს აქვეყნებს

რუსული გაზეთის “კომერსანტის“ ცნობით, 15–16 ივნისს მოსკოვში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა “კატეგორიული უარი“ განაცხადა წინადადებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი გალში დევნილთა დაბრუნების საკითხთან ერთად განხილულიყო. 


“სოხუმი ასევე არ ეთანხმება თბილისის წინადადებას, რომ ქართველმა რკინიგზელებმა [დევნილებმა] მონაწილეობა მიიღონ სარეაბილიტაციო სამუშაოებში, რადგანაც ეს გამოიწვევს ათიათასობით ქართველის დაბრუნებას აფხაზეთში“, წერს “კომერსანტი“ 17 ივნისს.


რუსული გაზეთის ცნობით, ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების დროს ასევე დააყენა წინადადება მდინარე ფსოუზე ერთობლივი ქართულ–აფხაზური საბაჟო პუნქტების გახსნის თაობაზე.


“აფხაზურმა მხარემ ამ წინადადების განხილვაზეც კი უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვარს მხოლოდ აფხაზი მესაზღვრეები და მებაჟეები გააკონტროლებენ“, იტყობინება “კომერსანტი“.


თავის მხრივ, ქართული მხარე მდინარე ენგურზე საბაჟო პუნქტის გახსნის წინააღმდეგია, “რადგანაც ეს აფხაზეთსა და საქართველოს შორის საზღვრის კანონიერი დემარკაციის მანიშნებელი იქნება“.  


“კომერსანტის“ ცნობით, აფხაზურმა მხარემ ასევე მოსთხოვა თბილისს მოხსნას შეზღუდვები საზღვაო კომუნიკაციებზე სოხუმის და გაგრის პორტებს და თურქეთს შორის, “სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პროცესის პარალელურად“.


მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი, აფხაზი, რუსი და სომეხი ექსპერტები 1 ივლისს გალში შეიკრიბებიან და ენგურიდან ფსოუმდე რკინიგზის მთელ მონაკვეთს შეამოწმებენ, რათა შეაფასონ რკინიგზის ახლანდელი მდგომარეობა, წერს “კომერსანტი“. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button