ახალი ამბები

ლავროვი: საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების მიმართ მუქარას არ დავუშვებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები არ შეწყდება, თუმცა “თუ რუსულ სამხედრო ბაზებს საქართველოში საფრთხე შეექმნება, რუსეთი არ დარჩება გულხელდაკრეფილი“.


“იმედი მაქვს, რომ ყველა ემოციური წამოძახილი რეალური პოლიტიკის ჩარჩოში მოექცევა და ჩვენ არ მოგვიწევს მოლაპარაკებათა მაგიდის მიტოვება“, იუწყება 12 მაისს “რია ნოვოსტი“ სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


ამასთან, ლავროვი აცხადებს, რომ ‘თუ რუსული ბაზების ან რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გადაიდგმება ნაბიჯები, რომელიც მათ ცხოვრების ნორმალურ პირობებს საფრთხეს შეუქნის, რომ არაფერი ვთქვათ ბაზებზე არსებული შეიარაღების სხვის ხელში აღმოჩენაზე, ჩვენ გულხელდაკრეფილები არ ვიჯდებით“.
 
რუსეთის სათათბიროში გამოსვლისას სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ “ჩვენ არ წამოვეგებით შანტაჟს… გრძელდება მოლაპარაკებები, ჩვენ ყველა კონსტრუქციული წინადადება [ბაზებთან დაკავშირებით] უკვე გადავეცით ქართულ მხარეს“.  


მას შემდეგ, რაც  6 მაისს მოსკოვში სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, 12 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 15 მაისამდე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამოქმედდება პარლამენტის დადგენილება, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზების წინააღმდეგ სანქციებს და 2006 წლიდან მათ კანონგარეშედ გამოცხადებას ითვალისწინებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button