ახალი ამბები

ბუში საქართველოში დემოკრატიაზე, ევროინტეგრაციასა და კონფლიქტებზე გაამახვილებს ყურადღებას








თავისუფლების მოედანზე სპეციალური კონსტუქცია
დამონტაჟდა, საიდანაც ჯორჯ ბუში 10 მაისს
მიმართავს საქართველოს მოსახლეობას.
დააკლიკეთ სხვა ფოტოების სანახავად

აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰედლიმ 4 მაისს განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშის ვიზიტი ევროპაში, მათ შორის საქართველოში, ხაზს გაუსვამს ევროპელების და ამერიკელების საერთო მიზანს „ხელი შეუწყონ თავისუფლებას, კეთიდღეობას და ტოლერანტობას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბუშის 9-10 მაისს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ზოგიერთ დეტალზეც გაამახვილა ყურადღება.


“ორშაბათს [9 მაისს] დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტი და მისი მეუღლე [მოსკოვიდან] თბილისში გაემგზავრებიან. ჩამოსვლისთანავე ისინი ძველ თბილისს ეწვევიან. სამშაბათს, 10 მაისს, პრეზიდენტი და მისი მეუღლე მონაწილეობას მიიღებენ ვიზიტის ოფიციალურ ცერემონიაში. მოგვიანებით, პრეზიდენტი ბუში შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, რაც ერთობლივი ბრიფინგით დასრულდება. ბრიფინგის შემდეგ პრეზიდენტი შეხვდება საზოგადო მოღვაწეებს და შემდეგ შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ბურჯანაძეს. მოგვიანებით, პრეზიდენტი ბუში თავისუფლების მოედნიდან ქართველ ხალხს მიმართავს. სამშაბათს საღამოს პრეზიდენტი და მისი მეუღლე თბილისიდან ვაშინგტონში გაემგზავრებიან“, განაცხადა სტივენ ჰედლიმ „თეთრ სახლში“ გამართულ ბრიფინგზე.


ჯორჯ ბუში 6-10 მაისს დაგეგმილ ევროპულ ტურნეს საქართველოში ვიზიტით დაასრულებს. ევროპული ტურნეს ფარგლებში ბუში ასევე ეწვევა ლატვიას, ნიდერლანდებს და რუსეთს. ევროპაში ვიზიტი ემსახურება მეორე მსოფლიო ომის დასრულების 60 წლისთავის აღნიშვნას.


საქართველოში ბუში პატივს მიაგებს “ვარდების რევოლუციას“, როგორც “შემობრუნების ეტაპს ისტორიასა და თავისუფლებაში“, განაცხადა ჰედლიმ.


“პრეზიდენტი პატივს მიაგებს ამ მიღწევას და მიესალმება საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული გზის არჩევისთვის და არაძალისმიერი გზით თავიანთი თავისუფლების დაცვისთვის“, დასძინა მან.


ჰედლის თქმით, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვიზიტის ფარგლებში მხარს დაუჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ საქართველომ ქვეყანაში არსებული სეპარატისტული კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვაროს.


Washington Post–ი 5 მაისს იუწყება, რომ პრეზიდენტი ბუში გააფრთხილებს თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს, რომ “არ გადადგას პროვოკაციული ნაბიჯები მოსკოვზე ორიენტირებულ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან მიმართებაში”. Washington Post–ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ასევე იტყონიბენა, რომ ბუში პირადად ურჩევს ლატვიელებს და ქართველებს ითანამშრომლონ რუსეთთან.


დასავლური მედია აქტიურად განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტის დაგეგმილ ევროპულ ტურნეს და ხაზს უსვამს, რომ ბუშს დელიკატური მისია აკისრია.


 „მისი გადაწყვეტილება ესტუმროს ბალტიისპირეთის ქვეყნებს და საქართველოს … პროვოკაციულად იქნება მიჩნეული ვლადიმერ პუტინის, რუსეთის ლიდერის მიერ“, წერს the Financial Times–ი .


3 მაისს საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშის ვიზიტი არის საქართველოს აღიარება, როგორც დემოკრატიის ლიდერისა რეგიონში და ამ ვიზიტს „ისტორიული მოვლენა“ უწოდა. 


„საქართველოში უდიდესი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი ჩამოდის. ეს ადასტურებს, რომ აშშ აღიარებს დემოკრატიულ მიღწევებს საქართველოში. ის ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თბილისში ჩამოდის ხაზს უსვამს საქართველოს სპეციალურ როლს და სპეციალურ მისიას რეგიონში“, განაცხადა მან.


„თუმცა, არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ბუშის ვიზიტის შემდეგ ყველა პრობლემა მოგვარდება. ჩვენ ყველაფერი თავად უნდა მოვაგვაროთ. აშშ-ის პრეზიდენტი ჩამოდის, რათა მხარი დაუჭიროს თავისუფლებას, დემოკრატიას და ქვეყნის მომავალს“, დასძინა სააკაშვილმა.  

მსგავსი/Related

Back to top button