ახალი ამბები

გაერო ჟენევაში გამართულ ქართულ-აფხაზურ დიალოგს დადებითად აფასებს

გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების (საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანის და აშშ–ს)  წარმომადგენლებმა გაეროს ეგიდით ჟენევაში, 7-8 აპრილს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში ქართული და აფხაზური მხარეების მონაწილეობა დადებითად შეაფასეს და მათ, უმოკლეს ვადაში, დიალოგის აღდგენისაკენ მოუწოდეს.


ორდღიანი შეხვედრა, სადაც ქართულ დელეგაციას სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა, ხოლო აფხაზურს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ხელმძღვანელობდა, ‘საკმაოდ პოზიტიურად“ დასრულდა, იუწყება “რია ნოვოსტი“ 8 აპრილს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ჟან მარი გიენოს სიტყვებზე დაყრდნობით.


“ორივე მხარისგან არის მზადყოფნა პრაქტიკულად მიუდგნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა დევნილების დაბრუნება, პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხების მოგვარება“, ნათქვმია 8 აპრილს გაეროს პრეს-რელიზში.


ჟან მარი გიენოს თქმით, ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში ადამიანების თავისუფალი გადაადგილების საკითხს აყენებს, “რაზეც კონსტრუქციული დისკუსია გვქონდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან და ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით წინსვლა იქნება“, განაცხადა ჟან მარი გიენომ.


მისივე თქმით აფხაზური მხარე აქცენტს უფრო ეკონომიკურ საკითხებზე აკეთებს. “ამ მიმართულებით გერმანია მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა, ჩატარდეს ერთობლივი კონფერენცია ეკონომიკური თანამშრომლობის დაწყებისა და ნდობის აღდგენისათვის“, აცხადებს გიენო.


ჟენევის შეხვედრას ასევე დადებითად აფასებს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი. მისი განცხადებით,  შეხვედრის შემდეგ გაფორმებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეების მიერ არ იქნება გამოყენებული ძალა, გაგრძელდება მუშაობა ნდობის აღდგენის, დევნილთა დაბრუნებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით.      


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯომარემ ირაკლი ალასანიამ, რომელმაც ჟენევის მოლაპარაკებებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა, განაცხადა, რომ “კმაყოფილია შეხვედრით”.

ალასანიამ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიაში გაიმართება კონფერენცია, სადაც აფხაზეთის ეკონომიკური პროექტები განიხილება.


ჟენევის ფომატით მორიგი შეხვედრა 2005 წლის შემოდგომისთვის იგეგმება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button