ახალი ამბები

ედუარდ კოკოითი: ჩვენ არ ვენდობით სააკაშვილს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 22 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარეს არ სჯერა, რომ თბილისი შეასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაჟღერებულ სამშვიდობო გეგმას, რომელიც სამხრეთ ოსეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს.


“რატომ უნდა დაუჯერონ ოსებმა სააკაშვილს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სამხედრო კამპანია მოაწყო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ?“, განაცხადა ედუარდ კოკოითმა, მხედველობაში ჰქონდა რა გასული წლის აგვისტოში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მომხდარი შეტაკებები.


კითხვაზე მზად არის თუ არა სამხრეთ ოსეთის მხარე კომპრომისისთვის თბილისთან კოკოითმა განაცხადა, “არასწორია “დათმობის“ მსგავსი ტერმინის გამოყენება, როცა საუბარია ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე“.


“ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე … თავისუფლად განვითარების შესახებ ჩვენი უფლების აღიარებაზე და ჩვენს თვითგამორკვევაზე. სანაცვლოდ, ჩვენ მზად ვართ ვაღიაროთ საქართველოს ინტერესები ჩვენი სატრანსპორტო კომუნიკაციების გამოყენების თვალსაზრისით, მივანიჭოთ უფლებები სამხრეთ ოსეთის ქართულ მოსახლეობას, ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ და სხვა საკითხებში, იმ შემთხვევაში, თუ ეს [თანამშრომლობა] არ დაარღვევს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებებს“, აცხადებს კოკოითი.


მისი თქმით, არსებობს “უამრავი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ თბილისი კვლავაც სერიოზულად განიხილავს კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარების სცენარს“.       


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button