ახალი ამბები

მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დავის საგანი ხდება







დამკვირვებლები შიშობენ, რომ რეფორმის შედე-
გად სასამართლო სისტემა აღმასრულებელ ხელისუ-
ფლებაზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება.
22 იანვარს იწურება საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვისთვის განკუთვნილი ერთთვიანი ვადა, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა უკვე მის მიღებაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა. მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელმაც ამჯერადაც გამოიწვია ოპოზიციისა და ექსპერტთა დიდი ნაწილის უარყოფითი რეაქცია, ძირითადად საკონსტიტუციო სასამართლოსა და ზოგადად სასამართლო სისტემის რეფორმას ეხება.
 
აღნიშნული ცვლილებებით ასევე ხდება 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგების გაფორმება, როცა საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მხარი პარლამენტის რიცხოვნობის 150 დეპუტატამდე შემცირებას დაუჭირა.
 
ოპოზიციონერი დეპუტატი კობა დავითაშვილი “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში აცხადებს, რომ “ის სამწუხარო ტენდენცია, რომელსაც [2004 წელს] თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩაეყარა საფუძველი”, რასაც საკანონმდებლო ხელისუფლების დაკნინების გზით მისი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე სრული დაქვემდებარება მოჰყვა, “სამწუხაროდ ისევ გრძელდება”.
 
“დღეს უკვე არის ხელისუფლების ავტორიტატული მმართველობის სტილის კიდევ უფრო გაძლიერების და მასზე სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარების მცდელობა”, აცხადებს დეპუტატი კობა დავითაშვილი.
 
ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მინისტრთა კაბინეტი იქნა შემოღებული და პრეზიდენტს პარლამენტისა ან მთავრობის დათხოვნის უფლება მიეცა, ახალმა ხელისუფლებამ გასული წლის თებერვალში მიიღო, რაც ევროპის საბჭოს მხრიდან კრიტიკის საბაბი გახდა.
 
“კონსტიტუციის ხშირი ცვლა მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც სახელმწიფოებრიობაზე რაიმე პრეტენზია გააჩნია, მითუმეტეს, თუ ეს ცვლილებები ხელისუფლების ერთი პირის ხელში კონცენტრაციისაკენ არის მიმართული, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს პირდაპირ ეწინააღმდეგება”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ.
 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შენიშვნების მოსმენა იანვრის ბოლოს სტრასბურგშიც მოუწევს, სადაც საქართველოს მიერ ვალდებულებათა და რეკომენდაციათა შესრულების საკითხები განიხილება.
 
“ასამბლეა სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს 2004 წლის თებერვალში მიღებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს და ამავე დროს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, განსაკუთრებით კი პრეზიდენტის ძლიერ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ასევე უნდა დაიწიოს  7%-იანი საარჩევნო ბარიერი, რათა შეიქმნას პირობები პლურალისტური პარლამენტის ასარჩევად,“ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში.
 
თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც დღეს იხილება, ამ თემებს საერთოდ არ ეხება. 
 
“მაშინ როცა ევროპა კონსტიტუციაში დაშვებული შეცდომების გასწორებას გვთხოვს, ხელისუფლებას პირიქით ყველაფერი გაუარესებისაკენ მიჰყავს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” კობა დავითაშვილმა.
 
ექსპერტების მოსაზრებით, წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით მკვეთრად იზღუდება სასამართლო ხელისუფლება და “ისიც პრეზიდენტზე დამოკიდებული ხდება”.
 
კერძოდ, იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების წესი, რომლის 9-ვე წევრობის კანდიდატს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 10 წლით ირჩევს. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა 2-ჯერ შეიძლება. მოქმედი კონსტიტუციით კი სამ-სამ კანდიდატს ნიშნავს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო. ამასთან მხოლოდ ერთი ვადით არის დაშვებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა.
 
“როცა არსებობს მეორე ვადით დანიშვნის ცდუნება, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ობიექტურობის ხარისხი დაიკლებს იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელზეც მისი კარიერაა დამოკიდებული. ამასთან, დღევანდელი რეალობით პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიის ლიდერია, რომლის წარდგენილ კანდიდატურებსაც მოსამართლეების პოსტებზე პარლამენტი უბრალოდ დაადასტურებს. ეს კი ქმნის საშიშროებას საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამომხატველი გახდეს”, აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში.
 
წარმოდგენილი პროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების იმპიჩმენტის უფლება პარლამენტს გადაეცემა, რაც მოქმედი კონსტიტუციით თავად საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ასევე 35-დან 30 წლამდე მცირდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასაკობრივი ცენზი.
 
“ხელისუფლებას, როცა გაუჩნდება სურვილი, მაშინვე შეძლებს “არასასურველი” მოსამართლეების მოცილებას”, აცხადებს დავითაშვილი.
 
საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით მკვეთრად მცირდება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი. “ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების იმუნიტეტი და მათთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის უფლება პარლამენტის ხელშია, შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად”, აცხადებს ხმალაძე.
 
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციაში ცვლილებების ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა ახალი კანდიდატურები, რომელთა არჩევისთანავე მოქმედ მოსამართლეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ.
 
“ეს არსებული კონსტიტუციური გარანტიების უგულვებელყოფაა”, აცხადებს ხმალაძე.
 
თუმცა ცვლილებათა პროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით ეს ნორმა არ გავრცელდება მხოლოდ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეზე კოტე კემულარიაზე, რომელიც ამ თანამდებობაზე პარლამენტმა გასული წლის ივნისში დაამტკიცა.
 
“ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას არასერიოზულად ეკიდება და სცდილობს მის კონკრეტულ პიროვნებებზე მორგებას, კერძოდ ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში პირდაპირ წერია, რომ კემულარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას შეინარჩუნებს”, აცხადებს კობა დავითაშვილი.
 
საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი ასევე ითვალისწინებს მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტის შემოღებას, უზენაესი სასამართლოსათვის მხოლოდ საკასაციო უფლების დატოვებას და “თანამდებობრივი შეუფერებლობის” გამო ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახალხო დამცველის იმპიჩმენტის პროცედურას.

მსგავსი/Related

Back to top button