
ბრიტანული კომპანია საზღვაო სანაოსნოს შესყიდვით დაინტერესდა
ბრიტანული კომპანია Marine Capital Limited საქართველოს საზღვაო სანაოსნო კომპანიის შესყიდვით დაინტერესდა. თუმცა, 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში არ არის მითითებული, თუ რამდენის გადახდას აპირებს კომპანია.
საქართველოს მთავრობამ სანაოსნოს შესყიდვის თაობაზე განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 2005 წლის 10 იანვრამდე გააგრძელა. თავდაპირველად ეს ვადა 27 დეკემბერს იწურებოდა.
კომპანია “გრინოუქმა“ უკვე შესთავაზა ქართულ მხარეს 107 მილიონი აშშ დოლარი საზღვაო სანაოსნო კომპანიაში. წინასწარი გარიგება ასევე მოიცავს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან, ბათუმის ნავთობტერმინალის მიმდებარე ნავმისადგომის ერთობლივი ექსპლუატაციის თაობაზე.
“ჩვენ გარკვეული დაინტერესება გამოვხატეთ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცესში და შედეგად ჩვენი წინადადებაც წარვადგინეთ. გვჯერა, რომ ეს წინადადება საკმაოდ კონკურენტუნარიანია და შეესაბამება მთავრობის ყველა მოთხოვნას. იმედი გვაქვს, რომ გარიგება წლის დასაწყისისთვის შედგება“, ნათქვამია ბრიტანული კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
“ჩვენ მხოლოდ სანაოსნო კომპანიაში ვიხდით ფულს, თუმცა გვესმის, რომ “გრინოუქის“ წინადადება სხვა ბიზნესინტერესებსაც შეიცავს … ჩვენს შემოთავაზებაში ვიღებთ ვალდებულებას გამოვიყენოთ ქართული ეკიპაჟი გარიგების დადებიდან სულ ცოტა ხუთი წლის განმავლობაში და ხელი შევუწყოთ საქართველოს საზღვაო აკადემიის განვითარებას“, აცხადებს კომპანია.