
აზერბაიჯანმა საქართველოს მიმართულებით ტვირთების მოძრაობა შეაჩერა
აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით უკვე ერთი კვირაა შეჩერებულია სატვირთო მატარებლების მიმოსვლა. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გაჩერებულია სხვადასხვა ტვირთით, მათ შორის საწვავით და ხორბლით, დატვირთული 900-მდე ვაგონი.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, ტვირთების მოძრაობის შეჩერების მიზეზზე აზერბაიჯანულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ონოფრიშვილის თქმით, არაოფიციალურ საუბრებში მიზეზად სომხეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა სახელდება. “სავარაუდოდ, აზერბაიჯანის უშიშროება ამოწმებს ტვირთებს”, განაცხადა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ეთერში დავით ონოფრიშვილმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ შეჩერებულია ის ტვირთებიც, რომელიც ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებისაკენ მიემართებოდა.
ონოფრიშვილის განცხადებით, 29 ნოემბერს საქართველოს რკინიგზის დელეგაცია აზერბაიჯანში გაემგზავრება და ადგილზე გაერკვევა შექმნილ ვითარებაში.