skip to content
ახალი ამბები

საქართველო გაეროს აფხაზეთში “გადამწყვეტი ნაბიჯებისკენ“ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში საქართველოს ელჩმა გაეროში რევაზ ადამიამ მადლიერება გამოხატა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მიმართ, რომელმაც აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში მხარეების გააქტიურება მოითხოვა. თუმცა, აქვე დასძინა, რომ “საჭიროა არსებული ჩიხიდან გამოსვლის მიზნით გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა”.


“ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც უშიშროების საბჭომ შესაძლოა გადადგას, არის ადგილზე, კერძოდ სოხუმში, ჩასვლა, რათა პირადად გაეცნონ ვითარებას და შეეცადონ გამონახონ ჩიხიდან გამოსვლის გზა“, ნათქვამია 26 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში.


საქართველოს ელჩი ასევე გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობის გამო, კერძოდ საუბარია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის წარმომადგენლებზე, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთიდან უკანონო შეიარაღებული ჯგუფები აფხაზეთში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადავიდნენ. 

“მიუხედავად არსებული ვითარებისა, საქართველოს მთავრობა მზად არის განაახლოს მოლაპარაკებები აფხაზეთის ნებისმიერ მომავალ ლიდერთან. თუმცა, პროგრესის მისაღწევად საჭიროა, რომ აფხაზურმა მხარემ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობისათვის“, აცხადებს რევაზ ადამია.


“იგივე ეხება რუსულ მხარესაც, რომელმაც უარი უნდა თქვას სეპარატისტების მხარდაჭერაზე და სამშვიდობო პროცესის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს“, დასძინა ადამიამ.


20 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაკეთებულ მოხსენებაში გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გააფრთხილა მხარეები, რომ ქართულ-აფხაზური სამშვიდობო  პროცესი “სახიფათო ჩიხს“ უახლოვდება.
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button