ახალი ამბები

პარლამენტი ოთხი მაჟორიტარი დეპუტატით შეივსება







პრეზიდენტი ამომრჩეველს სახელისუფლებო
კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
24 ოქტომბერს საქართველოს საარჩევნო ისტორიაში ყველაზე უხმაურო არჩევნები გაიმართება. თბილისის ორი – კრწანისისა და დიდუბის და ასევე გორისა და ზესტაფონის საარჩევნო ოლქების ამომრჩეველი პარლამენტის გამოკლებული დეპუტატების ნაცვლად შუალედურ არჩევნებში ოთხ ახალ დეპუტატს აირჩევს.
 
პარლამენტის მიერ საქართველოს “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რომელიც ძალაში 18 ოქტომბერს შევიდა, ოთხივე საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 177 ათასი ამომრჩევლიდან მინიმალური რაოდენობის საარჩევნო უბნებზე მისვლაც კი საკმარისი იქნება არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისთვის, რაც არჩევნების ჩაშლას ამომრჩველთა პასიურობის გამო იმთავითვე გამორიცხავს. დღემდე მოქმედი ნორმით, კი ამომრჩეველთა 1/3-ის მისვლა იყო საჭირო იმისთვის, რომ არჩევნები შემდგარიყო.    
 
ეს გადაწყვეტილება, რომელიც შუალედურ არჩვნებში საარჩევნო ბარიერის მოხსნას და დამატებით 8 სხვა პროცედურული ტიპის ცვლილებას ითვალისწინებს, პარლამენტმა სამივე მოსმენით 12 ოქტომბერს მიიღო, რამაც ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატებისა და სამოქალაქო სექტორის ცალკეული წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია.
 
“კონსტიტუციის მიხედვით ერთ დღეში ორგანულ კანონში სამივე მოსმენით ცვლილებების შეტანა პირდაპირ იკრძალება”, განაცხადა “რესპუბლიკელმა” დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ.
 
“იმის გამო, რომ 24 ოქტომბრის არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი, ვშიშობთ, რომ ეს ცვლილებები სრულად არ იქნება შესრულებული და არჩევნების ჩატარების დროს გარკვეულ გაუგებრობებს გამოიწვევს”, ნათქვამია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” განცხადებაში, რომელიც ასევე აკრიტიკებს კანონმდებლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
 
ამას გარდა, ამ წინასაარჩევნო კამპანიის თავისებურებას ისიც წარმოადგენს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კონსტიტუცია უფლებას ანიჭებს ამავდროულად იყოს “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატებს აგიტაციას ღიად უწევს და ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
 
“ოთხივე რაიონში პატიოსან საარჩევნო ბრძოლაში გაიმარჯვებს ის ხალხი, ვინც დღევანდელი ხელისუფლების კურსს იზიარებს”, განაცხადა 22 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა. არადა, “საარჩევნო კოდექსის” 76-ე მუხლის თანახმად, ხელისუფლების რესურსების წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენება პირდაპირ იკრძალება. 
 
24 ოქტომბრის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას 9 კანდიდატი მიიღებს. თავდაპირველად დეპუტატობის სურვილი 13-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამ მათგანს საოლქო საარჩევნო კომისიებმა რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, ხოლო ერთმა  – კრწანისში დეპუტატობის კანდიდატმა, თბილისის ყოფილმა მერმა ვანო ზოდელავამ საოლქო კომისიაში დარეგისტრირების შემდეგ 15 სექტემბერს თავად მოხსნა კანდიდატურა.
 
პარლამენტში კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის ვაკანტური ადგილის შესავსებად “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატებმა” ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის კანდიდატურა წარადგინეს, რომელსაც პარტია “სახალხო ფრონტის” ლიდერი ნოდარ ნათაძე დაუპირისპირდება. მათი კონკურენტი იქნება “ლეიბორისტული (შრომის) პარტიის” კანდიდატი, თბილისის საკრებულოს წევრი იოსებ შატბერაშვილი.
 
დიდუბის ოლქში სახელისუფლებო პარტიის ფავორიტი დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი გამგებელი თეიმურაზ ჭეიშვილი იქნება, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 ოქტომბერს ამომრჩევლებთან შეხვედრისას ღიად დაუჭირა მხარი.  ჭეიშვილს დაუპირისპირდება “ლეიბორისტი” პაატა ჯიბლაძე და ასევე კობა დავითაშვილის პოლიტიკური პარტნიორი ჯუმბერ თავართქილაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ სამთვიან წინასწარ პატიმრობიდან ბათუმის საპყრობილედან გაათავისუფლეს.
 
გორის საარჩევნო ოლქში თითქმის უალტერნატივო კანდიდატია პარტია “ერთობის” ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი, რომლის ერთადერთი კონკურენტი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი გიორგი მჭედლიშვილი იქნება. სახელისუფლებო პარტიამ “ვარდების რევოლუციაში” გაწეული “წვლილისთვის” პატიაშვილს არათუ საკუთარი კანდიდატურა დაუპირისპირა, არამედ ღიად დაუჭირა მხარი.
 
“რევოლუციის დროს, როცა 90%  პოლიტიკოსების ბუჩქებში იმალებოდნენ, ეს კაცი [ჯუმბერ პატიაშვილი] ჩვენთან ერთად იდგა და იბრძოდა სამართლიანობისთვის, ამიტომაც მას ჩვენი მხარდაჭერა აქვს”, განაცხადა პრეზიდენტმა.
 
ზესტაფონის საარჩევნო ოლქში ერთადერთი კანდიდატია ამ რაიონის ყოფილი გამგებელი, სახელისუფლებო პარტიის მიერ დასახელებული თეიმურაზ ცერცვაძე.
 
შუალედური არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა განაპირობა 2003 წლის 2 ნოემბერს დიდუბეში გამარჯვებული დეპუტატის, ამჟამად თავდაცვის მინისტრის გია ბარამიძის, კრწანისში გამარჯვებული კანდიდატის, დღეს კი იმერეთის სამხარეო რწმუნებულის გია გეწაძის, გორის რჩეულის და მოქმედი შსს მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და ზესტაფონში გამარჯვებული მაჟორიტარის დავით მუმლაძის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლამ.
 
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რომელიც ზედმეტი აჟიოტაჟისა და არჩევნებისათვის დამახასიათებელი ვნებათაღელვის გარეშე წარიმართა, “ლეიბორისტული” პარტია ერთადერთი იყო, ვინც ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების თაობაზე განცხადება გააკეთა. პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თხოვნით მიმართა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს “ტოტალური გაყალბების” თავიდან ასაცილებლად აქტიურად დააკვირდნენ 24 ოქტომბრის არჩევნებს.
 
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ-ო) ცნობით, შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების წინასწარი გადამოწმების პროცედურა არ ჩატარებულა. ამდენად, 24 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული იქნება 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისათვის გადამოწმებული სიები, ხოლო მათ ვინც სიაში არ აღმოჩნდება, არჩევნების დღეს რეგისტრაციის საშულება მიეცემათ.
 
ცსკ-ს ცნობით, ოთხ საარჩევნო ოლქში გაიხსნება 169 საარჩევნო უბანი. ხოლო კენჭისყრის მიმდინარეობას დააკვირდება რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
 
 

Back to top button