skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი მიესალმება რეფორმებს საქართველოში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი კრის პატენი 13 ოქტომბერს ევროპის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას მიესალმნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.


“ქვეყანამ წარმატებულად დაიწყო სტრუქტურული პრობლემების მოგვარება, როგორიცაა, მაგალითად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“, აცხადებს რადიო RFE/RL კრის პატენის სიტყვებზე დაყრდნობით.


პატენის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონი “ევროკავშირისა და რუსეთის საერთო სამეზობლოს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაწილია“.


“ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ამ რეგიონის პრობლემებზე რუსეთთან ორმხრივი დიალოგის ფორმატში საუბარს“, დასძინა მან.


2004 წლის ივნისში ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამი სახელწიფო – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართო.


ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირმა “კანონის უზენაესობის“ მისიას ჩაუყარა საფუძველი საქართველოში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტები საქართველოს პენიტენციალური სისტემის რეფორმირებაში ეხმარებიან.


გარდა ამისა, ივნისში ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ 2004-2006 წლებში მისი დახმარება საქართველოსადმი 164 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება ევროკავშირის დახმარების გასულ სამწლიან პერიოდს (2001-2003).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button