ახალი ამბები

ხაჯიმბას მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ

პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები 12 ოქტომბერს სოხუმის ფილარმონიის დარბაზში შეიკრიბნენ, რათა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტი გამოეხატათ. კომისიამ ცოტა ხნის წინ ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში გამარჯვებულად გამოაცხადა.


აფხაზური ვებ-საიტის Abkhaziya.info-ს ცნობით, მხარდამჭერები მზად არიან საპროტესტო აქცია მანამდე განაგრძონ, სანამ არჩევნების თაობაზე არ იქნება კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ხაშბამ ხაჯიმბას მხარდამჭერებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ არჩევნების შედეგი ჯერ უცნობია, რადგანაც არ დასრულებულა იურიდიული პროცედურები. “ჩვენ უნდა დაველოდოთ უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


რაულ ხაჯიმბამ უზენაესს სასამართლოს მიმართა ცსკ-ს 11 ოქტომბრის შემაჯამებელი ოქმის გაუქმების მოთხოვნით. ამ ოქმის თანახმად, სერგეი ბაღაფში გამარჯვებულად ხმების 50,08%-ით გამოცხადდა .


თუმცა, სასამართლო მოსმენა ჯერ დაგეგმილი არ არის. “იტარ-ტასი“ აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ალა ადლეიბას სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასამართლო მხოლოდ მაშინ დანიშნავს მოსმენას, როდესაც ცსკ-ს ახალი წევრები დაინიშნებიან. 15-წევრიანი ცსკ-ს თავმჯდომარე სერგეი სმირი და სხვა სამი წევრი 11 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა, რის მოტივადაც სერგეი ბაღაფშის მომხრეთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლა დასახელდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button