skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: განათლების რეფორმას წინ ვერაფერი დაუდგება

28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა უმაღლესი განათლების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორატში. “მე ამას მხოლოდ მივესალმები”, დასძენს პრეზიდენტი.


სააკაშვილი საქართველოს ელჩს იტალიაში რუსუდან ლორთქიფანიძეს უნივერსიტეტის რექტორობისთვის შესაფერის კანდიდატურად მიიჩნევს, თუმცა “რექტორის არჩევა ეს უნივერსიტეტის პრეროგატივაა”, აცხადებს პრეზიდენტი.


ამჟამად თსუ-ს რექტორი როინ მეტრეველია, რომლის გადადგომის მოთხოვნით ხელისუფლების მომხრეები ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” დროს გამოდიოდნენ, თუმცა დღემდე იგი თანამდებობას ინარჩუნებს. თავად როინ მეტრეველმა თანამდებობიდან წასვლა არ გამორიცხა.


უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო, ისევე როგორც რექტორი, ერთხმად დაუპირისპირდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტს, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ მომზადდა. 27 სექტემბერს სამეცნიერო საბჭომ პრეზიდენტს ამ საკითხზე წერილით მიმართა.


“ჩვენ გვჭირდება განათლების თანამედროვე სისტემა, ამას წინ ვერაფერი დაუდგება”, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button