skip to content
ახალი ამბები

ხელისუფლება პანკისის ხეობაზე კონტროლს აძლიერებს







დაახლოებით 60 კვადრატული კმ ფართობის მქონე
პანკისის ხეობა კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.
21 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებმა პანკისის ხეობაში ერთობლივი რეიდი განახორციელეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა რუსეთ-საქართველოს ჩეჩნეთის მონაკვეთის მახლობლად მდებარე პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხის გამოვლენას.
ამ ნაბიჯს წინ უძღოდა რუსეთის ოფიციალურ პირთა განცხადებები პანკისში ჩეჩენი მებრძოლებისა და ტერორისტული ჯგუფების არსებობის თაობაზე.
 
ოპერაცია, რომელსაც პირადად  ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების მოადგილეები, ითვალისწინებდა ხეობაში მცხოვრები ყველა ჩეჩენი ლტოლვილის დოკუმენტების შემოწმებას. ტერიტორიის გაკონტროლება ვერტმფრენების საშულებითაც ხდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად ხეობაში 2 650 ჩეჩენი ლტოლვილი  ცხოვრობს.
 
“ჩვენ სიტუაციას მთლიანად ვაკონტროლებთ. თუმცა, გვინდა, რომ კონტროლი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. გეგმაში გვაქვს, რომ ჩამოვაყალიბოთ საპატრულო ჯგუფები, რომლებიც ოცდაოთხსაათიან პატრულირებას განახორციელებენ ხეობაში. ეს დანაშაულის მასშტაბებსაც შეამცირებს“, განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ ჟურნალისტებს.
 
პანკისში კვლავაც არის განთავსებული შინაგანი ჯარის საგუშაგოები. თუმცა, მათი რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად მას შემდეგ შემცირდა, რაც ხეობაში 2002-2003 წლებში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომლის დროსაც ხეობა უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისგან გაიწმინდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხეობაში დამატებითი ჯარების განლაგების საჭიროება არ არსებობს, რადგანაც სიტუაცია იქ საკმაოდ მშვიდი და სტაბილურია.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა 17 სექტემბერს განაცხადა, რომ “ქართულ მიწაზე ტერორისტები კვლავ იმყოფებიან“; თუმცა, 16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველომ წარმატებით განახორციელა ანტიტერორისტული ოპერაცია პანკისში.
 
საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ, რომელიც 21 სექტემბერს პანკისში იმყოფებოდა, ბოლო დროინდელ ბრალდებებს, ხეობაში შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობის შესახებ “დეზინფორმაცია” უწოდა.
 
“ეს ინფორმაცია შორს არის სიმართლისგან, რაც ჩატარებულმა რეიდმაც დაადასტურა“, განაცხადა გიგი უგულავამ. თუმცა, აქვე დასძინა, “არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული ტერორისტების არსებობისგან. რამდენიმე წლის წინ აქ ტერორისტების საწვრთნელი ბაზები იყო. ახლა კი, ეს პრობლემა უკვე აღარ არსებობს“.
 
ჩეჩენი ლტოლვილები, რომელიც პანკისში 1999 წლიდან იმყოფებიან, სიფრთხილით ეკიდებიან ხეობაში ჩატარებულ ოპერაციას. ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების არსებობის თაობაზე რუსეთის გახშირებული ბრალდებების შემდეგ ქართველმა სამართალდამცავებმა 2002 წლის დეკემბერში ათობით “საეჭვო პირი“ დააკავეს, რომელთა უმეტესობაც, მათ შორის ქალები და ბავშვები, ეთნიკური ჩეჩნები იყვნენ. მაშინ ამ ფაქტმა ადამიანთა უფლებების დამცველთა პროტესტი გამოიწვია.
 
თუმცა, 21 სექტემბერს განხორციელებული ოპერაციის დროს ადამიანთა უფლებების დაღვევებს ადგილი არ ჰქონია. “პოლიცია მხოლოდ მოდიოდა და საბუთებს ითხოვდა. ისინი ძალიან კორექტულად იქცეოდნენ, ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე. ჩვენთვის აბსოლუტურად გაგებით ვეკიდებით საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს და ამგვარი შემოწმებების წინააღმდეგნი არ ვართ. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს ამძაფრებს შიშს ჩეჩენ ლტოლვილებს შორის, რადგანაც ამგვარი შემოწმებები ყოველთვის მოსდევს რუსეთში პანკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს”, განუცხადა ჩეჩენმა ლტოლვილმა ასლანბეკ აბურზაკაევმა “სივილ ჯორჯიას“.
 
ჩეჩნების შეშფოთება კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ვერტმფრენმა 19 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია სოფელ შატილის მახლობლად, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის მიდამოებში მდებარეობს. 2002 წლის აგვისტოში რუსულმა ვერტმფრენებმა ოთხჯერ დაბომბეს პანკისის ხეობის მიმდებარე ტერიტორიები. ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად ერთი ქართველი მოქალაქე გარდაიცვალა.
 
საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ქართველი და რუსი მესაზღვრეები უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც უკანონო შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის გადაკვეთის აღკვეთის მიზნით ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს.  
 
“საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები თავიანთ რუს კოლეგებს 18 სექტემბერს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ და შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მომდევნო შეხვედრა ოქტომბერში გაიმართება, სადაც თანამშრომლობის დეტალები იქნება განხილული“, განუცხადა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა შალვა ლონდარიძემ 20 სექტემბერს “სივილ ჯორჯიას“.

მსგავსი/Related

Back to top button