skip to content
ახალი ამბები

კოკოითი: თბილისი სექტემბრის ბოლოს აგრესიას ამზადებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედურდ კოკოითის განცხადებით, სექტემბრის ბოლოს საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთში “მორიგ აგრესიას ამზადებს”. 
 
მოსკოვში მყოფმა კოკოითმა სააგენტო “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ “ცხინვალიდან 15 კილომეტრის მოშორიებით განლაგებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების “გრადის“ ტიპის 6 დანადგარი.“
 
რუსული გაზეთის “ნეზავისიმაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში კი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დასაბრუნებლად გამოიყენებს ძალას, ოსური მხარე ძალითვე უპასუხებს.
 
“საქართველოს ხელისუფლება აგვიტოს თვეშიც ფიქრობდა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე “გასეირნება” ადვილი იქნებოდა, მაგრამ შეცდნენ. მათ ვერ გაითვალისწინეს ის, რომ მოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით სათანადოდ მომზადება, რათა თავი დაგვეცვა“, განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
 
კოკოითს, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში ჩრდილოეთ ოსეთის, აფხაზეთის, ასევე კაზაკების დახმარების იმედი აქვს.


“მათ არაერთხელ გამოთქვეს დახმარების სურვილი, თუმცა ჩვენ საკუთარი ძალებით შევძელით თავის დაცვა. ჩვენ ბრძოლა შეგვიძლია და მზად ვართ ამისთვის“, აცხადებს კოკოითი და აქვე დასძენს, რომ საქმე ძალის გამოყენებამდე არ უნდა მივიდეს.
 
იგი მზად არის შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას, იმ შემთხვევაში თუ მოხდება დოკუმენტის მიღება, რომელიც გარანტია იქნება კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისა.
 
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას, ედუარდ კოკოითი ამის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ არ არის საჭირო იმ პიროვნებასთან შეხვედრა, რომელიც სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებისთვის ძალის გამოყენებისკენ იხრება. 
 
“დამეთანხმეთ ძნელია ისეთ ადამიანთან საუბარი, რომელიც დილით სხვას ამბობს, შუადღეს სხვას ფიქრობს, საღამოს კი საომრად ემზადება“, აცხადებს კოკოითი.
 
დე ფაქტო პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციაში მყოფ ჩრდილოეთ ოსეთს სულ მალე შეუერთდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button