ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეები“ დსთ-დან გამოსვლის საკითხს აყენებენ

საპარლამენტო ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე საქართველო-რუსეთის მიმართულებით სატრასპორტო-საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვას, სოხუმი-მოსკოვის მიმართულებით კი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს და ამ ფაქტს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვად აფასებს.


“ყველაფერი ეს წინაპირობაა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტისა“, განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე ფიქრია ჩიხრაძემ.


ფიქრია ჩიხრაძე საქართველოს ხელისუფლებისგან 16 სექტემბერს ყაზახეთში დსთ-ს სამიტზე ამ საკითხების დაყენებას მოითხოვს.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დსთ-ს წევრი ქვეყნებისაგან უნდა მოითხოვოს დაგმოს რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ფაქტი, როგორც ამ ორგანიზაციის მიერ დაწესებული სანქციების უხეში დარღვევა. აღნიშნული სანქციები აფხაზეთის მიმართ დსთ-მ 1996 წელს დააწესა.


იმ შემთხვევაში თუ ეს საკითხები არ მოგვარდება, ფიქრია ჩიხრაძე დსთ-დან საქართველოს გამოსვლის პროცედურის დაწყებას ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას.


ფიქრია ჩიხრაძის თქმით, შემაშფოთებელია ის, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, რუსეთი ამ ტრაგედიაში ირიბად ადანაშაულებს საქართველოს.


ფიქრია ჩიხრაძე ასევე მოითხოვს არ მოხდეს საქართველოს ჩართვა დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში, საიდანაც ქვეყანა 1999 წელს გამოვიდა.


“წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რუსეთს იურიდიულ საფუძველს შეუქმნის საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე ფორმით განალაგოს საჯარისო დანაყოფები ან სპეც-სამსახურები, რაც დაუშვებელია“, დასძინა ფიქრია ჩიხრაძემ.


ფიქრია ჩიხრაძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, დსთ-ს სამიტზე მოხერხდეს პრეზიდენტ პუტინთან ორმხრივი შეხვედრის ორგანიზება, სადაც რუსული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის საკითხი იქნება განხილული. 


რუსეთმა სატრანსპორტო-საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ საქართველოს უკვე აცნობა.

მსგავსი/Related

Back to top button