ახალი ამბები

რუსულ “რაო ეეს”-ს საქართველოში ენერგოობიექტების შესყიდვა სურს

რუსული ენერგოკომპანია “რაო ეეს“-ის დირექტორის მოადგილემ ანდრეი  რაპოპორტმა 22 ივლისს საქართველოს ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რაო ეეს“-ს საქართველოში ენერგოობიექტების შეძენა სურს.


ანდრეი რაპოპორტი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას, ეკონომიკის მინისტრს კახა ბენდუქიძეს და ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს.


ანდრეი რაპოპორტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რაო ეეს“-ს საქართველოში მსხვილი ენერგოობიექტების შესყიდვა სურს, მათ შორის ენგურის ჰიდროელექტროსადგურისაც.


თუმცა, ენგურის ჰიდროელექტროსადგური არ შედის იმ ობიექტთა საპრივატიზაციო ნუსხაში, რომელთა პრივატიზაციაც საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება. ეს სია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 15 ივლისს გამოაქვეყნა.


“ისე არ გავგიჟებულვარ, რომ ის ჰიდროელექტროსადგური გავყიდო, რომელიც კონფლიქტის ზონაშია განლაგებული“, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.


თუმცა, საპრივატიზაციო სია შეიცავს დასავლეთ საქართველოში განლაგებულ ხუთ ჰიდროელექტროსადგურს, მათ შორის რიონის, შაორის, ლაჯანურის, გუმათისა და ძევრულის ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა საერთო სიმძლავრე 250 მეგავატს შეადგენს.


რუსული კომპანია უკვე არის თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის “თელასის“ აქციების 75%-ის მფლობელი.     


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button