ახალი ამბები

პარიზის კლუბი საქართველოს საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციას დასთანხმდა

პარიზის კლუბმა 21 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე.


საქართველოს დელეგაცია ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით პარიზში 14 ივლისს გაემგზავრა, სადაც ერთი კვირის მანძილზე მოლაპარაკებებს მართავდა პარიზის კლუბის წევრ მთავრობებთან.


საქართველოს 2003-2006 წლებში გასასტუმრებელი ჰქონდა პარიზის კლუბის წევრი ქვეყნების სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთის, ჩინეთის, თურქეთის, ავსტრიის, ჰოლანდიის, რუსეთისა და აშშ-ს მიმართ დაგოვილი ვალები, რომელთა საერთო ოდენობა 196 683 452 აშშ დოლარს შეადგენს.


პარიზის კლუბთან მიღწეული შეთანხმების შედეგად რესტრუქტურიზაცია 160 მილიონ აშშ დოლარს შეეხო. კერძოდ კი, საგარეო ვალებს, რომლებიც 1999 წლის 1 ნოემბრამდე იქნა აღებული, ასევე იმ ვალების პროცენტებს, რომლებიც 2004 წლის 31 მაისამდე იქნა აღებული და იმ პროცენტებს, რომლებიც 2004 წლის 1 ივნისიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე დაგროვდება.    


“ვალების რესტრუქტურიზაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“, ნათქვამია პარიზის კლუბის მიერ 21 ივლისს გავრცელებულ პრეს-რელიზში.


შეთანხმება დიდწილად განაპირობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ცოტა ხნის წინ  საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების ახალი პროგრამის დამტკიცებამ, რომელიც ქვეყნისათვის სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 144 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს .  


პარიზის კლუბმა, რომელიც 1956 წელს დაფუძნდა და აერთიანებს კრედიტორ მთავრობებს განვითარებული ქვეყნებიდან, საქართველოს 242 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის  ვალები პირველად 2001 წელს გადაუვადა. მაშინ საქართველოს პარიზის კლუბთან შეთანხმების სანაცვლოდ, მოუწია თანხმობის თქმა ე.წ “ნულოვან ვარიანტზე”, რითაც რუსეთის სასარგებლოდ დაახლოებით 5 მილიარდის ოდენობის აქტივები დათმო.


21 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებისათვის კი, საქართველოს მოუხდა უარი ეთქვა საბჭოთა კავშირის პერიოდის “ვნეშეკონომბანკის” ანაბრებზე, ასევე რუსეთის სასარგებლოდ, საიდანაც დანაკარგი სხვადასხვა გათვლებით 50 მილიონამდე აღწევს.


საქართველოს 12 წლის მანძილზე ჯამში 1,7 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობის საგარეო ვალი დაუგროვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button