ახალი ამბები

ხელისუფლების წარმომადგენლები აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნას აპროტესტებენ

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს მწვავედ გააკრიტიკა დამოუკიდებელი დეპუტატის კობა დავითაშვილის მიერ აჭარაში ხელმოწერების შეგროვების ფაქტი. დავითაშვილი რეგიონის ავტონომიური სტატუსის გაუქმებას მოითხოვს და პლებისციტის ჩასატარებლად საჭირო ხელმოწერებს აგროვებს.


კობა დავითაშვილის მხარდამჭერებმა 20 ივნისს – არჩევნების დღეს – საარჩევნო უბნებთან სპეციალური პუნქტები გახსნეს, სადაც აჭარის ადგილობრივი მოსახლეობის ხელმოწერებს აგროვებდნენ.


აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფაღავამ დაგმო კობა დავითაშვილის ქმედება და მას “უკანონო“ უწოდა. “ამგვარი საქმიანობის წარმოება არჩევნების დღეს უკანონოა“, განუცხადა მან ჟურნალისტებს 20 ივნისს.


აჭარის დროებითი საბჭოს თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ აღნიშნა, რომ ხელმოწერების შეგროვებამ არჩევნების დღეს შესაძლოა ამომრჩევლები შეცდომაში შეიყვანოს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც არჩევნების დღეს აჭარაში იმყოფებოდა, ასევე გააკრიტიკა დავითაშვილი და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დღევანდელი ხელისუფლება აჭარის სტატუსის შეცვლას არ აპირებს.


“პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს კანონპროექტს თბილისსა და ბათუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე“, განუცხდა მან ბათუმში ჟურნალისტებს.


თუმცა, კობა დავითაშვილმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსი არჩევნების დღეს აგიტაციის წარმოებას კრძალავს ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ და არა ხელმოწერების მოგროვებას, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ერთ-ერთი სახეა.  


“ჩვენ აჭარის იმ მაცხოვრებელთა ხელმოწერებს ვაგროვებთ, რომელთაც არ სურთ აჭარისთვის ავტონომიური სტატუსის შენარჩუნება. ჩვენ არ ვაწარმოებთ კამპანიას რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად“, განუცხადა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.    

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button