
აჭარა საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს
![]() |
ოპონენტები არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ შექმნილი სამართლებრივი ვაკუუმის გამო |
თუმცა საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის” შესახებ, რომელიც თბილისსა და ბათუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნასთან ერთად ავტონომიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურასაც განსაზღვრავს, კვლავაც არ არის მიღებული, რაც გარკვეულ სამართლებრივ უხერხულობას ქმნის.
“აჭარაში იმართება ისეთი არჩევნები, სადაც მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს რა ორგანოს ირჩევს, ვინაიდან საქართველოს პარლამენტს ჯერ არ განუსაზღვრავს აჭარის უმაღლესი საბჭო იქნება ერთპალატიანი, თუ ორპალატიანი და სხვა მთელი რიგი საკითხები”, განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დეპუტატმა დავით გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძე ერთ პარადოქსზეც მიუთითებს, 20 ივნისს ირჩევა ერთპალატიანი პარლამენტი, ხოლო კონსტიტუციური კანონპროექტით გათვალისწინებულია ორპალატიანი პარლამენტის შექმნა.
“აჭარის სტატუსის განსაზღვრის შემდეგ რას ვუპირებთ უკვე არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს, მექანიკურად გავყოფთ მას ორპალატიანად თუ მაჟორიტარებს სენატორებად ვაქცევთ?”, დასძენს გამყრელიძე.
“ახალი მემარჯვენეების” განცხადებით, პარტია ამ არჩევნებში მონაწილეობას სწორედ ამ იურიდიული გაუგებრობის გამო არ იღებს. თუმცა მათი პოლიტიკური პარტნიორები საქართველოს პარლამენტში პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” აჭარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
აჭარის ერთპალატიან პარლამენტში არსებული 30 მანდატისთვის, საიდანაც 18 პროპორციული სისტემით, ხოლო 12 მაჟორიტარული წესით უნდა აირჩეს, 9 პოლიტიკური პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი იბრძოლებენ.
ესენია: “სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარა”, “რესპუბლიკური პარტია”, “ლეიბორისტული პარტია”, “ახალი კომუნისტური პარტია”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “მწვანეთა პარტია”, “ერთიანი კომუნისტური პარტია”, “მერაბ კოსტავას საზოგადოება”, “დემოკრატიული სიმართლის პარტია” და საარჩევნო ბლოკი “ძლიერი აჭარა ერთიანი საქართველოსთვის”, რომელშიც “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” და “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” გაერთიანდნენ.
თუმცა მონაწილე სუბიექტთაგან კონკურენტუნარიანი ორი ძალა – “სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარა” და “რესპუბლიკური პარტია” იკვეთება. აღსანისნავია, რომ ორივე მათგანი საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტნიორებს წარმოადგენენ და ერთ პარტიადაც კი არიან გაერთიანებულნი. თუმცა აჭარაში მთელი წინასაარჩევნო კამპანია ამ ორი პოლიტიკური სუბიექტის მკვეთრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
“დღეს ბევრი პარტია პრეზიდენტის სახელით სპეკულირებას ცდილობს. თუმცა, ერთადერთი პარტია, რომელიც პრეზიდენტის პროგრამას განახორციელებს, “მიხეილ სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარაა”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში წინასააწრჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტისას.
“რესპუბლიკელების” წინასაარჩევნო ლოზუნგს წარმოადგენს „აჭარა აბაშიძის ნარჩენების გარეშე.“ მათი მტკიცებით აჭარის ხელისუფლებაში კვლავაც მრავლად არიან აბაშიძის რეჟიმის დროინდელი ჩინოვნიკები.
“რესპუბლიკელები” ასევე აცხადებენ, რომ საარჩევნო კომისიების მხრიდან მათი კანდიდატების დისკრიმინაციას და მათ მიერ დანიშნული საარჩევნო მოხელეების კომისიებიდან გამოძევებას აქვს ადგილი.
არჩევნებში მონაწილე დანარჩენი სუბიექტები, რომელთაც 7%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი თითქმის არ აქვთ, აქცენტს მაჟორიტარ კანდიდატებზე აკეთებენ და აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ამ გზით ცდილობენ მოხვდნენ. აჭარის 12 საარჩევნო ოლქში 130 მაჟორიტარი კანდიდატია დასახელებული.
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, რომელსაც კონსულტაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები უწევენ, აცხადებენ, რომ 20 ივნისის არჩევნების ჩასატარებლად თითქმის ყველაფერი მზად არის. 12 საარჩევნო ოლქში ფუნქციონირებს 275 ძირითადი და 26 დამატებითი საარჩევნო უბანი.
ასევე, დასრულებულია ამომრჩეველთა წინასაარჩევნო რეგისტრაცია, რის საფუძველზეც შედგა 108 ათას კაციანი საარჩევნო ნაბეჭდი სია. აჭარაში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებზე ზუსტი საარჩევნო სიების პრობლემა ყოველთვის იდგა. ამ მხრივ არც ამ არჩევნებზეა კარგად საქმე, რადგან ამომრჩევლებს სიაში საკუთარი თავის გადასამოწმებლად მხოლოდ ორი დღე აქვთ. თუმცა აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით დაგეგმილია არჩევნების დღეს რეგისტრაცია, რათა ყველა მსურველს მიეცეს მონაწილეობის საშულება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გაგზავნა აჭარაში 250 ათასი ბიულეტენი, რაც ორჯერ უფრო მეტად აღემატება ამომრჩეველთა დღემდე დაფიქსირებულ რაოდენობას.
არჩევნებს, რომლის ორგანიზებაც ბიუჯეტს 550 ათასი ლარი დაუჯდა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსურმა მხარდაჭერამ 240 ათასი ევრო შეადგინა, 18 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების 110 დამკვირვებელი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის 300-მდე წარმომადგენელი იქნება. ევროპის საბჭოს 8 კაციანი მისია უკვე გაემგზავრა აჭარაში.