ახალი ამბები

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ხდება







48 წლის კახა ბენდუქიძე 1990 წლიდან რუსეთის
კერძო ბიზნესშია. მან ჩამოაყალიბა რუსეთის
უმსხვილესი მანქანათმშენებლობის კორპორაცია,
რომელიც მილიარდ დოლარიან შეკვეთებს ასრულებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1 ივნისს მინისტრთა კაბინეტის მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე რუსეთში მოღვაწე გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე დაინიშნა. დანარჩენ ცვლილებებზე საუბრისგან მან დროებით თავი შეიკავა, თუმცა დასძინა, რომ „გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებსაც ექნებოდა ადგილი მთავრობაში“.
 
კახა ბენდუქიძე, რომელსაც რუსეთის “გაერთიანებული მანქანათმშენებლობის საწარმოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი რეხვიაშვილს შეცვლის.
 
“კახა ბენდუქიძე გამორჩეულია კარგი რეპუტაციით. ჩვენ იგი ნოვატორული შეხედულებების გამო მოვიწვიეთ, რადგან ჩვენი მიზანია ქართული ეკონომიკა იყოს განვითარებადი. ამაში სწორედ კახა ბენდუქიძეს გამოცდილება დაგვეხმარება“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
 
მისი ინფორმაციით, კახა ბენდუქიძე ამჟამად აქტიური ბიზნესით დაკავებული უკვე აღარ არის. ჟვანიამ ასევე აღნიშნა, რომ ბენდუქიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა, “პრობლემას არ წარმოადგენს“.
 
ეკონომიკის მომავალ მინისტრთან შეთანხმება მისი თბილისში ვიზიტისას შედგა, როცა იგი  28-29 მაისს გამართულ ქართულ-რუსულ ეკონომიკურ ფორუმში იღებდა მონაწილეობას. ფორუმის შეფასებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა 31 მაისს კახა ბენდუქიძეს „საქართველოს ნამდვილი პატრიოტი“ უწოდა.
 
48 წლის კახა ბენდუქიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1990 წლიდან იგი რუსეთში კერძო ბიზნესის სექტორში მოღვაწეობდა.
 
გაერთიანებული ფინანსური ჯგუფისა და რუსეთის ეკონომიკური ფორუმის მიერ 2003 წელს გამოქვეყნებულ “50 მთავარი ფიგურა რუსული ბიზნესსა და პოლიტიკაში” გამოცემის მიხედვით,  რუსეთის უმსხვილესი საინჟინრო საწარმოს “ურალმაშის“ შესყიდვის შემდეგ, ბენდუქიძის მფლობელობაში “მანქანათმშენებლობის სფეროს ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებების შერჩევის შემდეგ” კიდევ რამდენიმე საწარმო გადავიდა.
 
იგივე წყაროს მიხედვით, ბენდუქიძემ გააერთიანა რუსეთის უმსხვილესი საწარმოები, მათ შორის ატომური მანქანათმშენებლობის, გემთმშენებლობისა და სამთომომპოვებელი საწარმოები, და საბოლოო ჯამში ეს ჰოლდინგი საკმაოდ პერსპექტიულ და მზარდ ბიზნესად გადააქცია, რომლის შეკვეთათა საერთო რაოდენობა 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს .
 
კახა ბენდუქიძე საქართველოს მთავრობაში მეორე წევრი იქნება უცხოური პასპორტით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, წარმოშობით ქართველ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის პარალელურად საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
 
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, კახა ბენდუქიძე თბილისში ორ დღეში ჩამოვა და მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეუდგება. მისი პარლამენტში დამტკიცება მას შემდეგ მოხდება, რაც ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციური მოთხოვნიდან გამომდინარე, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ნდობას ხელახლა გამოუცხადებს. თუმცა ამ პროცედურამდე არ არის გამორიცხული, რომ სხვა საკადრო ცვლილებებიც გატარდეს მთავრობაში.


რაც შეეხება ეკონომიკის უკვე ყოფილ მინისტრს ირაკლი რეხვიაშვილს, ზურაბ ჟვანია მისი მუშაობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ირაკლი რეხვიაშვილი მუშაობას გააგრძელებს კანცელარიაში, სადაც იგი სპეციალურ განყოფილებას უხელმძღვანელებს, რომელიც კურირებას გაუწევს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებს.
 
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობაში კიდევ სხვა ცვლილებებიც არის დაგეგმილი, თუმცა მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
 
ჟვანიამ არ გამორიცხა სტრუქტურული ცვლილებების გატარებაც. „ჩვენ უკვე განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილება, თუმცა ყოველდღიური მუშაობა და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ შემდგომი გაუმჯობესებაა საჭირო“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button