skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის კონცეფციის დეტალები

ჩამოტვირთეთ სამშვიდობო პროექტის სრული ტექსტი – doc 230Kb

მოსალოდნელია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის
დარეგულირების შესახებ პროექტს მრავალი
მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.

ერთწლიანი მუშაობის შედეგად ქართველ ექსპერტთა მიერ უკვე მომზადებულია 65 გვერდიანი დოკუმენტი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა საკითხი, დაწყებული ტერიტორიულ-ადმინისტარციული მოწყობიდან დამთავრებული სოციალურ საკითხებით.

ეს ერთდადერთი დოკუმენტია, რომელიც ასახავს ქართული მხარის ხედვას კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივასთან დაკავშირებით.

„სივილ ჯორჯია“ აღნიშნული კონცეფციის დეტალებთან დაკავშირებით, 19 მაისს დოკუმენტის ერთ-ერთ თანაავტორს, იურისტს, იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და ამჟამად განვითარებისა და რეფორმების ფონდის დირექტორს კოტე კუბლაშვილს ესაუბრა. 

„ამ პროექტის მიხედვით აფხაზეთს ექნება  სახელმწიფოს ყველა ნიშანი, სუვერენიტეტი კი შეზღუდული. აფხაზეთს ექნება ყველა უფლება გარდა ერთისა – დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებისა“, აცხადებს კოტე კუბლაშვილი.

აფხაზეთის სტატუსი

დოკუმენტის მიხედვით, პირველ რიგში მხარეები თანხმდებიან ძალის არ გამოყენებაზე და ყველა პრობლემის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტაზე. მოლაპარაკების პროცეში ჩართული არიან უშუალოდ კონფლიქტში მონაწილე მხარეები, ხოლო კონკრეტული საკითხების განხილვა ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.

კონცეფციის მიხედვით, თბილისმა და სოხუმმა უნდა გააფორმონ ხელშეკრულება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფოსა და მის შემადგენელ წევრ სუბიექტს – აფხაზეთის რესპუბლიკას –  შორის.
 
„საქართველო არის ფედერალური დამოუკიდებელი სუვენერული სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. იმავდროულად საქართველოში არსებობს აფხაზეთის სუვენერული სახელმწიფოებრივი ერთეული, რომლის სუვერენიტეტი შეზღუდულია ფედერაციული კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში“, ნათქვამია დოკუმენტში.  

ფაქტიურად, მას აქვს სახელმწიფოს ყველა ნიშანი. გარდა იმისა, რომ იგი არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, იგი არის ერთიან ფედერალურ სახელმწიფოში შემავალი წევრი სახელმწიფო, რომლის სუვერენიტეტი  შეზღუდულია ამ ფედერალური სახელმწიფოს კონსტიტუციით. 
 
აქვე მნიშვნელოვანია ის, რომ ფედერალური შეთანხმება, რომელიც იდება ფედერალურ სახელმწიფოსა და წევრ სახელმწიფოს შორის, ხდება ფედერალური კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილი. იგი კონსტიტუციის ძალის მქონეა. ყველაზე დიდი გარანტია აფხაზეთისათვის იმისა, რომ შემდგომში არ მოხდეს რაიმე იძულება და სტატუსის გაუქმება ის არის, რომ ფედერალურ შეთანხმების რომელიმე მხარის მიერ ცალმხრივად შეცვლა შეუძლებელია.
 
„აფხაზების უკითხავად მათ სტატუსს და კონსტიტუციას ვერავინ ვერ შეცვლის“, აცხადებს კოტე კუბლაშვილი.
 
უფლებამოსილებათა გამიჯვნა
 
დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა, საზღვრის დაცვა, საბაჟო სისტემა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა – ყოველივე ეს საქართველოს ფედერალური, ანუ ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში შევა. ყველა დანარჩენ სფეროში, აფხაზეთი მმართველობას დამოუკიდებლად განახორციელებს.
 
აფხაზეთის რესპუბლიკას არ ეყოლება საკუთარი სამხედრო ფორმირება და თავდაცვის ზომების მიღება მოხდება ფედერალური სახელმწიფოს მიერ. აფხაზებს ეყოლებათ მხოლოდ შიდა პოლიციური ფორმირებები. აფხაზებს შეეძლებათ სამხედრო სამსახური გაიარონ იმ ნაწილებში, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნება განლაგებული.
 
უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
 
აფხაზეთის ადმინისტრაციული მოწყობა და არჩევნები
 
დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთში იქნება საპარლამენტო მმართველობა, თუმცა კონცეფცია ითვალისწინებს აფხაზეთში პრეზიდენტის პოსტის შემოღებასაც, თუ ამას თავად აფხაზები მოითხოვენ.
 
ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი მოთხოვნა იქნება ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ანუ არ უნდა მიეთითოს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ეთნიკურად აფხაზი. თუმცა კანდიდატის მიერ სავალდებულო იქნება, როგორც ქართულის, ასევე აფხაზური ენის ცოდნა. 
 
აფხაზეთის პარლამენტში მანდატების უმრავლესობა ეროვნებით აფხაზებზე გადანაწილდება.
 
„რაც შეეხება პარლამენტის არჩევნებს, პოზიტიური დისკრიმინაციის მიმართულებით წავედით. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში ქართველი მოსახლეობა უმრავლესობაა, შესაძლოა პარლამენტში აფხაზები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ ვითვალისწინებთ ქვოტების დადგენას პარლამენტში“, აცხადებს კუბლაშვილი.
 
შესაბამისად საარჩევნო სისტემა იქნება ისეთი, რომ აფხაზებს გარკვეულ პრივილეგიებს შეუქმნის. ასევე, ეროვნებით აფხაზებს უფრო მეტი ადგილი ექნებათ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.
 
გარდა ამისა, საქართველოს ფედერალურ პარლამენტში აუცილებლად იქნება აფხაზური დეპუტაციის ქვოტა, რომელსაც ექნება ვეტოს უფლება იმ საკითხებზე, რომელიც აფხაზეთს ეხება. თუ ეს დეპუტაცია არ მისცემს ხმას რომელიმე გადაწყვეტილებას, ის არ იქნება მიღებული.
 
„ეს ფედერალურ ხელშეკრულებით გათვალსიწინებული კიდევ დამატებითი გარანტიაა. ეს გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენისათვის“, დასძენს კუბლაშვილი. 
 
დევნილების და ლტოლვილების დაბრუნება
 
დოკუმენტში ერთ-ერთ მთავარ და პირველ საკითხად მოცემულია აფხაზეთში ლტოლვილებისა და დევნილების დაბრუნება. პირველ რიგში,  უნდა მოხდეს ლტოლვილთა და დევნილთა, ასევე აფხაზეთში მცხოვრებთა სრული აღწერა. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ორგანიზაციების, აფხაზებისა და ქართველების ერთობლივი ძალისხმევით.
 
„ლტოლვილების დაბრუნება პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ეტაპობრივად და ნებაყოფლობით და არა ერთბაშად“ , ნათქვამია კონცეფციაში. 
 
ასევე, შერეულმა ქართულ-აფხაზურმა ერთობლივმა ჯგუფებმა უნდა უზრუნველყონ აფხაზეთის ტერიტორიაზე დევნილთა განსახლება, უნდა გაირკვეს, თუ რა მდგომარეობაშია თითოეული დევნილის საცხოვრებელი ადგილი და ცხოვრობს თუ არა იქ ვინმე მას შემდეგ, რაც სახლის თავდაპირველმა მეპატრონემ აფხაზეთი დატოვა. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს კომპენსაციის გაცემა ან იქ ამჟამად მაცხოვრებელ პირზე, ან სახლის თავდაპირველ მეპატრონეზე.
 
„ეს პროცესი თანხებს საჭიროებს. ამის გამო აუცილებელი იქნება საერთაშორისო ფინანსური დახმარება“, განაცხადა კოტე კუბლაშვილმა. 
 
გარდა ამისა, დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების შემდეგ აფხაზეთში სხვა ქვეყნის და საქართველოს დანარჩენ მოქალაქეთა მუდმივად გადასვლა შეზღუდული იქნება. ფაქტობრივად იზღუდება მიმოსვლის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით იქნება განსაზღვრული. ეს იქნება დროებითი ნორმა. კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ისეთი ადამიანების საერთო რიცხვი, რომელიც მოისურვებს აფხაზეთში ცხოვრებას აფხაზეთის საერთო მოსახლეობის 1-დან 2%-მდე მაჩვენებელს არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში. 
 
დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთში არჩევნები მხოლოდ დევნილებისა და ლტოლვილების დაბრუნების შემდეგ უნდა ჩატარდეს.
 
მოქალაქეობა
 
ეს ფედერაციული მოდელი შეიცავს რამდენიმე კონფედერაციულ ელემენტს. მაგალითად, აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს აფხაზეთის მოქალაქეობით ანუ ის ხალხი, ვისაც მუდმივი საცხოვრებელი ექნება აფხაზეთში, იქნება ეს ქართველი, რუსი თუ სომეხი, ისინი იქნებიან აფხაზეთის მოქალაქეები, მაგრამ იმავდროულად ავტომატურად იქნებიან ერთიანი საქართველოს ფედერაციული სახელმწოფოს მოქალაქეებიც.
 
ეს ფედერალურ შეთანხმებაში იქნება ჩადებული, რაც  იძლევა გარანტიას იმისა, რომ არჩევნებზე საქართველოს სხვა რეგიონებიდან არ ჩავიდნენ მოქალაქეები აფხაზეთში და არ მისცენ ხმა, რადგანაც აფხაზეთის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნება მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში.
 
აფხაზეთში ეკონომიკის განვითარება

დოკუმენტის შემქმნელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების მიზნით პირველ რიგში უნდა დაიწყოს იმ ბლოკადის მოხსნა, რაც ამჟამად მოქმედებს. გაიხსნას ჩაკეტილი საზღვრები და აღდგეს სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა.

აფხაზეთს ექნება ფინანსური დამოუკიდებლობა. მას უნდა ჰქონდეს  უფლება თვითონ დაადგინოს და აკრიფოს გადასახადები. თუმცა აფხაზეთი ვალდებული იქნება გადარიცხოს თანხების გარკვეული ნაწილი ცენტრალურ ბიუჯეტში.

კონსტიტუციით ასევე გაწერილი იქნება  ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სისტემა . გარდა ამ დახმარებისა, აფხაზები ადგილობრივი მოსაკრებლების საფუძველზე მოახდენენ  ბიუჯეტის ფორმირებას.

ფულის ერთეული

აფხაზეთში მიმოქცევაში იქნება ქართული ლარი.

თუმცა შესაძლებელია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მოხდეს შესაბამისი რაოდენობით ქართული ლარის ახალი კუპიურის გამოცემა და აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელდეს ლარის კუპიურა, რომელსაც ქართულ წარწერასთან ერთად ექნება აფხაზური წარწერა.  ამასთან, ამ კუპიურებზე ქართველი მეფეებისა თუ საზოგადო მოღვაწეების ნაცვლად იქნება აფხაზური სიმბოლიკა გამოსახული. 

ამ სახის ახალი კუპიურები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც იქნება ბრუნვაში.

***

აღნიშნული კონცეფცია, რომელსაც ჯერ მხოლოდ პროექტის სახე აქვს, განსახილველად უკვე წარედგინა უშიშროების საბჭოს. 

Back to top button