ახალი ამბები

აჭარა აბაშიძის წასვლას ზეიმობს








სააკაშვილი მოზეიმე ბათუმელების გარემოცვაში.
ფოტო: გოგა ჩანადირი

საქართველომ „ვარდების რევოლუციის“ ბოლო ფაზა წარმატებით დაასრულა მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძე 6 მაისს გადადგა და რუსეთში გაემგზავრა.
 
აბაშიძე, რომელიც აჭარას ბოლო 13 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა, იძულებული გახდა დამორჩილებოდა ცენტრალური მთავრობისა და ბათუმის ქუჩებში გამოსული 15,000-ზე მეტი მომიტინგის მოთხოვნას.  
 
ბათუმის ქუჩებში ათასობით ადამიანმა ასლან აბაშიძის გადადგომა იზეიმა. 6 მაისს გამთენიისას პრეზიდენტ სააკაშვილის ჩასვლამ ბათუმში ახალი სტიმული მისცა მოზეიმე ხალხს.
 
„ეს სასწაულია. აჭარა თავისუფალია, მე ამაყი და ბედნიერი ვარ“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც ბათუმის ქუჩებში გაიარა რათა მხარდამჭერებს შეხვედროდა. მას  ათოსობით ბათუმელი ოვაციებით ხვდებოდა და თან სკანდირებდა „მიშა, მიშა“. 

„თქვენ გმირები ხართ“, – განუცხადა სააკაშვილმა ხალხს აბაშიძის ყოფილი რეზიდენციის ფანჯრიდან. 
 
„თქვენ მთელს მსოფლიოს უჩვენეთ, რომ ისწრაფვით დემოკრატიისკენ“, – დასძინა მან.
 







აჭარლებს ზაფხულში დამსვენებლების ჩასვლის
იმედი გაუჩნდათ.
ფოტო: გ.ჩანადირი
„ვერც კი წარმოიდგენთ რა ბედნიერები ვართ. ჩვენ ეს შევძელით. ვაიძულეთ დიქტატორი აბაშიძე გადამდგარიყო და წასულიყო“ – განაცხადა 24 წლის ბათუმელმა ხატია ზაქარიაძემ.  
 
ასლან აბაშიძე, ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის რეჟიმის გადმონაშთი, თავის შვილთან, ბათუმის მერთან გიორგი აბაშიძესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა, მას შემდეგ რაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან ბათუმში გამართა მოლაპარაკებები.
 
ასლან აბაშიძე აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს დანიშნა.
 
ასლან აბაშიძეს, რომელიც 1938 წელს დაიბადა, 80-იანი წლების ბოლოს კომუნალურ საკითხთა მინისტრის თანამდებობა ეკავა საბჭოთა საქართველოში. მანამდე, 1984-86 წლებში იგი ამავე სამინისტროს მოადგილე იყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
 
ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ აჭარაში მიმდინარე მოვლენების იგნორირების პოლიტიკამ აბაშიძის ძალაუფლება რეგიონში საგრძნობლად გაზარდა, რაც შემდგომში მის ერთპიროვნულ მმართველობაში გადაიზარდა.
 
თუმცა, აბაშიძეს გაუჭირდა თავისი პოლიტიკური კურსი შეენარჩუნებინა, მას შემდეგ რაც გასული ნოემბრის რევოლუციის შედეგად მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები მოვიდნენ ქვეყნის ხელისუფლებაში. სააკაშვილმა ძალაუფლების კონსოლიდაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობა დადო.

აბაშიძის მოსკოვში წასვლის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, „ეს იქნება საქართველოს აღმშენებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინდარი.“


აჭარის სტატუსი “ხელშეუხებელია”
 







აბაშიძემ ხიდების აფეთქებით საკუთარ ძალაუფლებას
დაუსვა წერტილი.
ფოტო: გ.ჩანადირი
აჭარაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა დამყარდება.
 
„აჭარის ავტონომიას საფრთხე არ ემუქრება და არც მომავალში დაემუქრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
საქართველოს პარლამენტმა 6 მაისს მხარი დაუჭირა პირდაპირ საპრეზიდენტო მმართველობას აჭარაში და მიიღო დადგენილება, რომლითაც პრეზიდენტს უფლება ენიჭება გააუქმოს აჭარის პარლამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
 
6 მაისს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები რეგიონში 5-6 კვირაში ჩატარდებოდა.
 
მისი თქმით, შეიქმნებოდა სპეციალური სამთავრობო კომისია პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც დანიშნავდა დროებით მთავრობას და მოამზადებდა ვადამდელ არჩევნებს.


„სიმბოლოების“ რევოლუცია


6 მაისის ბათუმის ძალიან გავდა 2003 წლის ნოემბრის თბილისს, როდესაც ათასობით მომიტინგემ აიძულა ყოფილი პრეზიდენტი შევარდნაძე გადამდგარიყო. ბათუმში მოზეიმე ხალხი არ არ ყოფილა  ერთადერთი მსგავსება ნოემბრის „ვარდების რევოლუციასთან.“
 
შევარდნაძის მსგავსად, თავდაპირველად აბაშიძეც უარყოფდა ინფორმაციას შესაძლო გადადგომის შესახებ. ზუსტად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან შეხვედრის წინ მან გავრცელებულ ხმებს მისი გადადგომის შესახებ „დეზინფორმაცია“ უწოდა.
 
გასული ნოემბრის მსგავსად, ახლაც იგორ ივანოვმა იკისრა შუამავლის როლი კრიზისის მოგვარებაში. მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი 23 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდა და მოლაპარაკებები გამართა ოპოზიციის მაშინდელ ლიდერებთან მიხეილ სააკაშვილთან, ზურაბ ჟვანიასთან და ნინო ბურჯანაძესთან და ექს-პრეზიდენტ შევარდნაძესთან, რასაც შედეგად ამ უკანასკნელის გადადგომა მოყვა. თუმცა შევარდნაძე თბილისში დარჩა.
 
ამჟამად კი იგორ ივანოვმა აბაშიძე მოსკოვში წაიყვანა. გამგზავრებას წინ უძღოდა ივანოვთან სამსაათიანი მოლაპარაკებები აბაშიძის რეზიდენციაში.


„რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კრიზისის მშვიდობიანად დასრულებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მოგვიანებით.
 
აღსანიშნავია, რომ შევარდნაძისა და აბაშიძის გადადგომა საქართველოში გიორგობას დაემთხვა, რომელსაც ქართველები 23 ნოემბერს და 6 მაისს აღნიშნავენ.  
 
თუმცა შევარდნაძისგან განსხვავებით, ასლან აბაშიძემ გადადგომის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გააკეთა. მან აჭარა უკომენტაროდ დატოვა. როგორც სჩანს, მისთვის ძალიან მძიმე იყო ეღიარებინა მარცხი.

მსგავსი/Related

Back to top button