ახალი ამბები

სააკაშვილი აბაშიძის მიმართ სიფრთხილეს იჩენს







სააკაშვილი: სიტუაცია აჭარაში თანდათან უნდა
განიმუხტოს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის კრიზისთან მიმართებაში მინისტრებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, რომელიც საქართველოს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა მინისტრებს არ მისცენ ნება აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს ხელში აიღოს ინიციატივა. „პოლიტიკის სადავეები ჩვენ უნდა გვეკავოს“, – განაცხადა სააკაშვილი.
 
მისი განცხადებით, სიტუაცია აჭარაში „თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ“ უნდა განიმუხტოს და დასძინა, რომ მთავრობა მუშაობს სამოქმედო გეგმაზე აჭარის ლიდერის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.
 
სააკაშვილის ეს განცხადებები არის მისი პირველი კომენტარი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც 13 აპრილს ასლან აბაშიძემ უარი განაცხადა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებაზე, რამაც თბილისსა და ბათუმს შორის დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვია.
 
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს „პოლიციურ ღონისძიებებზე“ აჭარაში, რადგან ამით ადგილობრივი, „უბრალო მოსახლეობა დაზარალდება.“

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება „არ წამოეგება აჭარის ხელისუფლების პროვოკაციაზე.“

„აბაშიძეს დასაკარგი არაფერი აქვს. პოლიციური ღონისძიების შემთხვევაში [აჭარაში] მხოლოდ მოსახლეობა დაზარალდება. მას ბინები აქვს პარიზში, ვენაში, ლონდონში და მსოფლიოს კიდევ ბევრ სხვა ქალაქში. ასე, რომ ის წავა, ხალხი კი დაზარალდება. ამიტომაც, ძალინ ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას.
 
მისი განცხადებით, აჭარაში ადამიანთა უფლებების დარღვევის თითოეული ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის, ვინც არღვევს ადამიანთა უფლებებს, თავს ესხმის ჟურნალისტებს და ოპონენტებს, აუცილებლად დაისჯება“, – დასძინა სააკაშვილმა.
 
„მოვუწოდებ თითოეულ მინისტრს, შეიმუშავოს აჭარის მოსახლეობის დახმარების პროგრამა. ეს დახმარება პირდაპირ მოსახლეობამდე უნდა მივიდეს ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე, რომელმაც ყველაფერი მოიპარა აჭარაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის განცხადებით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს აჭარის ხელისუფლების მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშულზე. „ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ ამის წინააღმდეგ – სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, პასპორტების გაუქმება, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებების უმეტესობა უკვე განახორციელა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, თუმცა ამას დღემდე შედეგი არ მოუტანია. მარტში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა აჭარის რამდენიმე მაღალჩინოსანზე, მათ შორის აჭარის უშიშროების მინისტრზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე და ქობულეთის რაიონის გამგებელზე.
 
ასევე მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალჩინოსნების დიპლომატიური პასპორტები გააუქმა. მათ შორის იყვნენ აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე, ბათუმის მერი გიორგი აბაშიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე.
 
ამასობაში, აჭარის კრიზისის დასაძლევად უკვე აქტიურდება საერთაშორისო ძალისხმევა. აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა 16 აპრილს ბათუმში მოლაპარაკებები გამართა აჭარის ლიდერთან.
 
„ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ის პრობლემებიც რაც ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონს შორის არსებობს. საერთშორისო საზოგადოება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ნამდვილად შეშფოთებულია საქართველოში არსებული სიტუაციით. ყველაზე ნაკლებად გვინდა, რომ მოხდეს ძალის გამოყენება. მე უნდა ვაცნობო ჩემს მთავრობას არსებული სიტუაციის თაოაბზე, ამიტომ მუდმივი კავშირი მექნება ბატონ ასლანთან“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა მოლაპარაკებების შემდეგ.
 
დაძაბულობის განმუხტვაში, ასევე ჩართულია გავლენიან ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელმაც თბილისსა და ბათუმს შორის შუამავლობა იკისრა და რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი ხელმძღვანელობს. ბიზნესის წარმომადგენლები 16 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ და ასლან აბაშიძესთან 15 აპრილს გამართული მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

მსგავსი/Related

Back to top button