ახალი ამბები

სამოქალაქო ავიაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარედ გიორგი მჟავანაძე დაინიშნა.


ახალი თავმჯდომარის დანიშვნას წინ უძღვოდა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თანამშრომლობის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რომლებიც ფინანსურ დახმარებას ითხოვენ, რათა შესაძლებლი გახდეს სახელფასო დავალიანების დაფარვა და საავიაციო ადმინისტრაციის მომავალი საქმიანობის გაგრძელება.


ახალ ხელმძღვანელობას სამოქალაქო ავიაციაში მოუწევს ძველი ხელმძღვანელობის დროს დაგროვილი პრობლემების მოგვარება – ადგილობრივ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის ურთიერთოებების დარეგულირება, ქართული ავიაკომპანია “აირზენასთან” საგადასახადო პოლიტიკის მოწერიგება და უცხოური ავიაკომპანიებისთვის ფრენების ლიცენზიების გაცემა.


მათ შორისაა “ბრიტანეთის ავიახაზებისთვის” ლიცენზიის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამ საკითხის მოგვარება თავად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 5 აპრილს მთავრობის სხდომაზე მოითხოვა, რასაც საავიაციო ადმინისტრაციის თანამშრომლები მხარს უჭერენ.


“ბრიტანეთის ავიახაზების” თბილისის ოფისი 31 მარტს დაიხურა, რასაც საფუძვლად 2003 წლის პარლამენტის გადაწყვეტილება დაედო, რომლის მიხედვით კომპანიას რეგულარული რეისების განხორციელებისთვის ლიცენზია შეუჩერდა. კომპანიას ქართულ ავიაკომპანია “აირზენასთან” კომერციული ხელშეკრულების გაფორმება და ცენტრალური ბიუჯეტის სასარგებლოდ 13 მლნ ლარის გადახდა დაევალა. 


აქამდე სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ჭანკოტაძე იყო, რომელიც ამჟამად გენერალური პროკურატურის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების მიზნით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ სამთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 

მსგავსი/Related

Back to top button