ახალი ამბები

თბილისი და ბათუმი მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

ოპოზიცია აბაშიძეზე ზეწოლას განაგრძობს








აბაშიძე “საზღვაო ბანკისთვის” ლიცენზიის
აღდგენას მოითხოვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი, სავარაუდოდ, 13 აპრილს ბათუმში მიემგზავრებიან, სადაც აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებებს გამართავენ.
 
აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 11 აპრილს აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა იქნება.
 
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა თებერვალში თბილისსა და ბათუმს შესთავაზა შეუდგნენ მუშაობას კანონპროექტზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ და ამ პროცესში ევროპის საბჭოს დახმარებაც შესთავაზა. გასულ კვირას ევროპის საბჭოს წარმომადგენელი საქართველოში პლამენ ნიკოლოვი ბათუმს ეწვია და ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებები გამართა.
 
ამასობაში კი აბაშიძე ხელისუფლებას კვლავ სთხოვს ლიცენზია აღუდგეს „საზღვაო ბანკს.“ ბანკის ანგიშები მას შემდეგ გაიყინა, რაც გენერალურმა პროკურატურამ ბანკს ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი. აჭარის ხელისუფლება მთელ საბანკო ოპერაციებს  ამ ბანკის მეშვეობით ახორციელებდა. მოგვიანებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „საზღვაო ბანკის“ ლიცენზია გააუქმა.
 
„ცენტრალურმა ხელისუფლებამ გვირჩია ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი. მე ვუთხარი მათ [ცენტრალურ ხელისუფლებას], რომ ეს სასამართლოს საქმე არ არის, რადგანაც ლიცენზიის აღდგენა ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული. თუმცა, მაინც შევიტანთ სარჩელს, როგორც გვითხრეს“, – განაცხადა აბაშიძემ.
 
ამავდროულად, აჭარის ოპოზიცია განაგრძობს აჭარის მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით.
 
„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა აბაშიძის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბაშიძე და ჟვანია შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენი მოთხოვნები კვლავ ძალაში დარჩება, რადგანაც აბაშიძის რეჟიმი უკანონოა და იგი უნდა გადადგეს“, – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ 12 აპრილს ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ ლიდერმა კობა ხაბაზმა.
 
პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე დაემუქრა აბაშიძეს უზენაესი საბჭოს დათხოვნით, თუ იგი აჭარაში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს არ განაიარაღებს. სავარაუდოდ, განიარაღების საკითხი 13 აპრილს დაგეგმილი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
 
სააკაშვილის განცხადებით, „აბაშიძემ 50 მილიონი აშშ დოლარი მოახმარა თავისი მხარდამჭერების შეიარაღებას“.
 
„აბაშიძემ უნდა განაიარაღოს შეიარაღებული ჯგუფები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განვაიარაღებთ მათ. მე დავითხოვ აჭარის უზენაეს საბჭოს და ვადამდელ არჩევნებსა დავნიშნავ რეგიონში. მე მაქვს ამის უფლება“, – დასძინა პრეზიდენტმა.
 
„აბაშიძეს მმართველობის კიდევ ორი წელიწადი დარჩა. თუ მას სურს შეინარჩუნოს თავისი პოსტი, მან უნდა ჩააბაროს უკანონო იარაღი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
აჭარაში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების განიარაღება ერთ-ერთი პირობა იყო იმ შეთანხმებისა, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და აჭარის ლიდერმა 18 მარტს ბათუმში შეხვედრის დროს მიაღწიეს. შეთანხმების შედეგად დასრულდა ის ხუთდღიანი კრიზისი, რომელიც 14 მარტს დაიწყო, მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტი აბაშიძის შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა აჭარაში არ შეუშვეს. ინციდენტს შედეგად ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგიონზე ეკონომიკური ბლოკადის დაწესება მოჰყვა.
 
პრემიერ-მინისიტრი გასულ კვირას გეგმავდა აჭარაში ჩასვლას; თუმცა მოლაპარაკებები გაურკვეველი მიზეზის გამო გადაიდო.

მსგავსი/Related

Back to top button