ახალი ამბები

სააკაშვილი აჭარლებს იარაღის ჩაბარების სანაცვლოდ ფულს დაპირდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც უკვე არაერთხელ მოსთხოვა აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს განაიარაღოს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზად არის გადაუხადოს გარკვეული თანხა მათ, ვინც იარაღს ჩააბარებს.


„თუ აბაშიძეს [აჭარის ლიდერს] არ სურს განაიარაღოს თავისი მხარდამჭერები, მაშინ ჩვენ მზად ვართ გავხსნათ სპეციალური პუნქტები, სადაც აჭარლებს ექნებათ საშუალება ჩააბარონ აბაშიძის მიერ დარიგებული იარაღი ფულის სანაცვლოდ“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს 12 აპრილს.


„აჭარა დენთის კასრად იქცა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს“, – დასძინა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ აჭარის შავი ზღვის სანაპიროები, რომლებიც ბევრ ქართველ დამსვენებელს იზიდავს ზაფხულში, უსაფრთხო არ არის. „როგორ უნდა დავრთოთ ნება ჩვენს მოსახლეობას იმ რეგიონში წავიდნენ, რომელიც დენთის კასრს წარმოადგენს?“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.


სააკაშვილის განცხადება წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მოლაპარაკებებს ასლან აბაშიძესთან, რომელიც  13 აპრილს ბათუმშია დაგეგმილი.

მსგავსი/Related

Back to top button