skip to content
ახალი ამბები

ასანიძე გაანთავისუფლეს








თენგიზ ასანიძე პირველი ქართველია რომელმაც
სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მოიგო.

თენგიზ ასანიძე, რომელმაც ევროპის ადამიანის უფლებათა დავცის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი მოიგო, 9 აპრილს აჭარის უშიშროების სამინისტროს იზოლატორიდან გამოუშვეს. თუმცა ცენტრსა და რეგიონს შორის ასანიძის საქმესთან დაკავშირებული დაძაბულობა ამით არ ამოწურულა. 

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ 8 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას დაევალა დაუყონებლივ გაეთავისუფლებინა თენგიზ ასანიძე. მხოლოდ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დათანხმდა აჭარის ლიდერი ასანიძის განთავისუფლებას.  თუმცა, ასლან აბაშიძემ გააკრიტიკა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება და მას „მიკერძოებული“ უწოდა.

თენგიზ ასანიძე ბათუმის მერი იყო. იგი 1993 წლის 4 ოქტომბერს დააპატიმრეს და ბათუმის თამბაქოს ქარხანაში განხორციელებული ფინანსური  მაქინაციების ბრალდებით გაასამართლეს.
 
1994 წელს თენგიზ ასანიძეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს.  მიუხედავად იმისა, რომ ასანიძე 1999 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა, და მისი სასჯელი გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, იგი აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაინც არ გაათავისუფლა.
 
ასანიძემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2001 წელს მიმართა განცხადებით, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა უკანონო იყო და რომ მან ვერ შეძლო თავისი უფლებების დაცვა ეროვნული სასამართლოების საშუალებით.
 
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ უმოკლეს ვადებში უნდა გადაუხადოს ასანიძეს 150 000 ევრო კონპენსაციის სახით. გარდა ამისა, სახელმწიფოს ასევე ეკისრება 5 000 ევროს გადახდა ასანიძის იურისტებისთვის სამი თვის ვადაში. როგორც მოსალოდნელია ცენტრსა და რეგიონს შორის მორიგ დავას ამ თანხის გადახდის საკითხი გამოიწვევს.


იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ასანიძეს კომპენსაციას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გადაუხდის. „თუმცა ამ თანხის  გადახდის შემდეგ, სახელმწიფომ შესაძლოა თანხის ანაზღაურება ყველა იმ პირს მოსთხოვოს, ვინც პასუხს აგებს ასანიძის უკანონო პატიმრობაში ყოფნის გამო,“ – დასძინა გიორგი პაპუაშვილმა.
 
მისი თქმით, ეს პირველ რიგში „აჭარის ხელმძღვანელობას ეხება“. „მათ შორის არიან აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე, უშიშროების მინისტრის სოსო გოგიტიძე და ყველა ის პირი, ვინც წინ აღუდგა ასანიძის გათავისუფლებას მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა,“ – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.


იუსტიციის მინისტრის განცხადებით ცენტრალური ხელისუფლება ასევე დაიწყებს ბათუმში მყოფი სხვა პატიმრების საქმეების გადახედვასაც, რომლებიც სავარაუდოდ უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. ასეთი დაახლოებით 14 პირია.


ასანიძის საქმე იყო პირველი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოსთან მიმართებაში განიხილა, ხოლო ასანიძე კი პირველი ქართველი, რომელმაც სტრასბურგში სარჩელი მოიგო.

მსგავსი/Related

Back to top button