ახალი ამბები

წინააღმდეგობა ბათუმის 25-ე ბრიგადის გარშემო კვლავ გრძელდება

ბათუმში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური რომან დუმბაძე აცხადებს, რომ იგი აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს დაემორჩილება. თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 25-ე ბრიგადაზე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი ვრცელდება. 


საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელმძღბანელობას შორის ურთიერთობების დაძაბვის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმის 25-ე ბრიგადას დაუმორჩილებლობაში დასდო ბრალი. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა დუმბაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რომან დუმბაძის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის ბრალდებით.


ყოფილი მეთაურის განცხადებამ გაამძაფრა ის ვარაუდი, რომ 25-ე ბრიგადა თავდაცვის სამინისტროს  აღარ ემორჩილება. თუმცა, სამინისტრო ამ ვარაუდს უარყოფს.


„ბათუმის 25-2 ბრიგადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება. ამ ბრიგადის ჯარისკაცები მიიღებენ მონაწილეობას 16-19 აპრილს ფოთში დაგეგმილ წვრთნებში“, – განუცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა „სივილ ჯორჯიას“.


„ამჟამად 25-ე ბრიგადის მეთაურის პოსტზე თავდაცვის სამინისტრო ახალ კანდიდატურებს განიხილავს“, – დასძინა ჩიქოვანმა.


თუმცა, რომან დუმბაძის განცხადებით, მას არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების თაობაზე.


„მე ყოველთვის ვასრულებდი თავდაცვის სამინისტროს ბრძანებებს და არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. მაგრამ თუ მოვლენები უარყოფითად განვითარდება, მე აჭარის ლიდერს დავემორჩილები“, – განაცხადა დუმბაძემ.


ყოფილი მეთაური ასევე არ დაემორჩილა გენერალური პროკურატორის მოთხოვნას, რომელმაც დუმბაძე დასაკითხად გამოიძახა.


 

მსგავსი/Related

Back to top button