ახალი ამბები

საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე წააგო







საქართველოს სტრასბურგში კიდევ ერთი საქმის
განხილვა ელის.
სტრასბურგში განთავსებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 8 აპრილის განაჩენით, თენგიზ ასანიძე, რომელიც ამჟამად აჭარაში პატიმრობაში იმყოფება, დაუყონებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული. ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ – ეს იყო პირველი საქმე, რომელიც ევროპის სასამართლომ საქართველოსთან მიმართებაში განიხილა.

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით თენგიზ ასანიძე დაუყონებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული. ამას გარდა სასამართლომ საქართველოს უმოკლეს ვადებში 150 000 ევროს გადახდა დააკისრა ასანიძისთვის კონპენსაციის სახით. სახელმწიფომ 5 000 ევრო უნდა გადაუხადოს  ასანიძის იურისტებს სამი თვის ვადაში,“ – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

თენგიზ ასანიძე ბათუმის მერი იყო. იგი 1993 წლის 4 ოქტომბერს დააპატიმრეს და ბათუმის თამბაქოს ქარხანაში განხორციელებული ფინანსური  მაქინაციების ბრალდებით გაასამართლეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ასანიძე 1999 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა, და მისი სასჯელი გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, იგი კვლავ პატიმრობაში იმყოფება, რადგანაც აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე მის გათავისუფლებაზე უარს აცხადებს.

1994 წელს თენგიზ ასანიძეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს. 
 
ასანიძემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2001 წელს მიმართა განცხადებით, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა უკანონო იყო და რომ მან ვერ შეძლო თავისი უფლებების დაცვა ეროვნული სასამართლოების საშუალებით.
 
„ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, მე ველოდი ამგვარ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა აჭარის უშიშროების სამინიტროს იზოლატორში მყოფმა თენგიზ ასანიძემ „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას, მას შემდეგ რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.


„თენგიზ ასანიძე ციხეში უკანონოდ ყოფნის საკომპენსაციოდ 3 მილიონ ევროს ითხოვდა. თუმცა, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ ეს თანხა შეამცირა. თუმცა საქართველოს მაინც მოუწევს თანხის გადახდა“, – განუცხადა ასანიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელმა მაკა გიოშვილმა „სივილ ჯორჯიას.“
 
იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ასანიძეს კომპენსაციას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გადაუხდის. „თუმცა ამ თანხის  გადახდის შემდეგ, სახელმწიფომ შესაძლოა თანხის ანაზღაურება ყველა იმ პირს მოსთხოვოს, ვინც პასუხს აგებს ასანიძის უკანონო პატიმრობაში ყოფნის გამო,“ – დასძინა გიორგი პაპუაშვილმა.
 
მისი თქმით, ეს პირველ რიგში „აჭარის ხელმძღვანელობას ეხება“. „მათ შორის არიან აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე, უშიშროების მინისტრის სოსო გოგიტიძე და ყველა ის პირი, ვინც წინ აღუდგა ასანიძის გათავისუფლებას მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა,“ – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
 
„ყველა, ვინც წინ აღუდგენა ამ გადაწყვეტილების განხორციელებას, დაისჯება“, – დასძინა მან.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე გააფრთხილა აჭარის ლიდერი, რომ დაემორჩილოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნას და გაათავისუფლოს ასანიძე.
 
„თენგიზ ასანიძე უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში. მე კატეგორიულად მოვითხოვ ასლან აბაშიძისგან გაათავისუფლოს იგი. თუ იგი არ გააკეთებს ამას, ჩვენ ჩავალთ ბათუმში და გავათავისუფლებთ ასანიძეს,“ – განაცხადა სააკაშვილმა 7 აპრილს.
 
ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ კიდევ ერთი საკითხი უნდა განიხილოს საქართველოსთან მიმართებაში. საქმე ეხება საქართველოში 2002 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ჩეჩნეთის საზღვარზე დაკავებული 13 ჩეჩნის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელთა განცხადებითაც, მათი 5 თანამემამულის რუსეთისთვის გადაცემა უკანონოდ მოხდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button