ახალი ამბები

რუსეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს მოსკოვში დღეს გამართულ მოლაპარაკებებს და მას „სასარგებლო და კონსტრუქციული“ უწოდეს.


„ჩვენ გვაქვს შანსი გამოვასწოროთ ორმხრივი ურთიერთობები. თუმცა, ნდობის აღდგენა ერთ საათში შეუძლებელია. ეს კონკრეტული ქმედებების შედეგად ხდება“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა თავის ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


მოლაპარაკებების დროს მხარეებმა რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხიც განიხილეს.


„ჩვენ განვიხილეთ ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსეთის ორი სამხედრო ბაზის საკითხიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პრინციპულ პოზიციას – რუსეთის სამხედრო ბაზები არ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოვლენებში“, – განაცხადა ივანოვმა.


ბაზების გაყვანის საკითხის კომენტირებისას, ივანოვმა განაცხადა, რომ სამხედრო ბაზების გაყვანა მხოლოდ მას შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, რაც მათთვის რუსეთის ტერიტორიაზე შესაფერისი ინფრასტრუქტურა შეიქმნებოდა.


ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, ახლო მომავალში ხელი მოეწერება შეთანხმებას სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე.  


 

მსგავსი/Related

Back to top button