ახალი ამბები

საერთაშორისო დამკვირვებელთა თქმით, არჩევნები უფრო პროგრესულად ჩატარდა

არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო მისიის მიერ წინასწარი შეფასების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში წინა არჩევნებთან შედარებით გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა.


ეუთოს, ევროპის პარლამენტის და ევროპის საბჭოს 440-მდე დამკვირვებელმა საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგი განახორციელა.


29 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა და ჟურნალისტების დაშინებამ და შეურაცხყოფამ აჭარაში გარკვეული ჩრდილი მიაყენა საარჩევნო პროცესს ქვეყნის მასშტაბით.


„ეს არჩევნები უფრო კარგი ორგანიზებული და უფრო დემოკრატიული იყო წინა არჩევნებთან შედარებით“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორიმ.


„არჩევნების შედეგად ქვეყანამ ერთპარტიული პარლამენტი მიიღო, რომელიც მართლაც გამოხატავს ხალხის ნებას. მთავრობამ მიიღო ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც მას სჭირდება ქვეყნისთვის აუცილებელი რეფორმების გასატარებლად“, – დასძინა მან.


ევროპის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის დემეტრიო ვოლჩიჩის განცხადებით, „აჭარის გარდა, არჩევნებზე მასმედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება თავისუფლად ემოქმედათ“.


საერთაშორისო დამკვირვებელთა განცხადებით, მნიშვნელოვანი საქმიანობა იქნა გაწეული ამომრჩეველთა სიების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ 28 მარტს ამომრჩეველთა რეგისტრაცია არჩევნების დღესაც ხდებოდა, ეს მომდევნო არჩევნებზე აღარ განმეორდება.


საერთო ჯამში, არჩევნებმა წყნარ და მშვიდობიან გარემოში ჩაიარა და საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობაც საკმაოდ ეფექტური იყო.


დამკვირვებელთა თქმით, აჭარაში შედარებით ნაკლები დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა ცალკეულ ინციდენტებს მაინც ჰქონდა ადგილი. ისევე როგორც წინა არჩევნებზე, დარღვევები დაფიქსირდა მარნეულში, გარდაბანსა და ტყიბულში, სადაც ადგილი ჰქონდა ხმის მრავალჯერადი მიცემისა დ ბიულეტენების ჩაყრის  შემთხვევებს, ასევე აქტივობის საეჭვოდ მაღალი მონაცემების გამოქვეყნებას.    


 

მსგავსი/Related

Back to top button