ახალი ამბები

ცსკ-ს თავმჯდომარე შეშფოთებულია აჭარაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია იმ დარღვევების გამო, რომლებიც აჭარაში დღის ბოლოს დაფიქსირდა და არ გამორიცხავს აჭარაში არჩევნების შედეგების გაუქმების შესაძლებლობას. 


მისი თქმით, არჩევნები ორ უბანში ჩაიშალა – ერთი ბათუმში, ხოლო მეორე ქობულეთში, რადგანაც უცნობმა პირებმა საარჩევნო უბნები დაარბიეს.


„აჭარაში გრძელდება საუბნო კომისიების წევრთა დაშინება, რის შედეგადაც ხულოს რაიონის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის წევრებმა დატოვეს უბანი თავიანთი უსაფრთხოების მიზნით“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.


„არ გამოვრიცხავ, რომ ცსკ-ს შესაძლოა მოუწიოს მსჯელობა, შედგა თუ არა არჩევნები აჭარაში საერთოდ. მინდა ვთხოვო პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას არ დატოვოს აჭარა, სანამ იქ ძალადობის რისკი ჯერ კიდევ არსებობს“, – განაცხადა ცსკ-ს თავმჯდომარემ.


მან უარი განაცხადა აჭარის საარჩევნო უბნებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებელ პირთა დასახელებაზე, თუმცა დასძინა „ყველამ იცის, ვის მიერ ხდებოდა აჭარაში ოპოზიციის დაშინება“.  


თუმცა, დამკვირვებელი ორგანიზაციები არ ადასტურებენ ინფორმაციას ბათუმსა და ქობულეთში საარჩევნო უბნების დარბევის თაობაზე. 


 


 


 

მსგავსი/Related

Back to top button