ახალი ამბები

თავდაცვის ახალი ხელმძღვანელობა რეფორმებს იწყებს







სააკაშვილი ძველ და ახალ თავდაცვის
მინისტრებთან ერთად.
20 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პირვლემა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჯარის რაოდენობის, სავარაუდოდ 20,000-დან 15,000-მდე შემცირება დაასახელა. ეს ის ციფრია, რომელიც დასავლელი ექსპერტების რეკომენდაციებს შეესაბამება.

ამას გარდა გელა ბეჟუაშვილის განცხადებით დაახლოებით ორჯელ შემცირდება თავად სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობაც და მათი რიცხვი 200-ზე მეტი არ იქნება.

საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ნატოსკენ მიისწრაფის ჯერ-ჯერობით ალიანსის მხოლოდ ერთი რეკომენდაცია შეასრულა და თავდაცვის მინისტრად, პირველად ქვეყნის ისტორიაში, სამოქალაქო პირი დანიშნა.

დასავლეთში განათლება მიღებულ გელა ბეჟუაშვილს წინ უზარმაზარი გზა აქვს გასავლელი, რათა ნახევრად საბჭოთა ყაიდის ჯარი ნატოს სტანდარტებს მიუახლოვოს.

“სამოქალაქო პირი თავდაცვის უწყებაში ეს ნატოს სტანდარტებს შეესაბამება, ნატოში ინტეგრაცია კი ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება” – განაცხადა 13 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილიმა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ნატოში საქართველოს ელჩი გახდა. “ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პოსტია საქართველოსთვის, რომლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

16 თებერვალს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დავით თევზაძემ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანა გახდეს. ამისთვის კი აუცილებელია, რათა საქართველომ ალიანსს ინდივიდუალური თანამშრომლობის გეგმა წარუდგინოს.

“საქართველომ ნატოს უკვე ორჯელ წარუდგინა ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამა, მაგრამ ორივეჯელ უკან დაგვიბრუნდა, იმიტომ რომ იქ ზუსტად არ იყო განწერილი თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეფორმების გეგმა” – განაცხადა დავით თევზაძემ.

მისი თქმით, ახალი პროგრამა ნატოს მარტში გაეგზავნება. “ხოლო ინვისში, სტამბოლში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ჩვენ შევეცდებით დავაყენოთ საქართველოს ნატოს ასპირანტ ქვეყნად გახდომის საკითხი” – დასძინა თევზაძემ, რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყებას 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ნატოს რეკომენდაციები ძირითადად უკავშირდება სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირებას. ალიანსის რეკომენდაციაა ასევე მოხდეს მთლიანი თავდაცვისა და უშიშროების სისტემის რეფორმირება, რაც არა მარტო თავდაცვის, არამედ უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების რეფორმირებასაც გულისხმობს. ამას გარდა ალიანსის ერთ-ერთი მთავარი რჩევა საქართველოსადმი იყო სამოქალაქო პირის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა, რაც უკვე შესრულებულია.

თუმცა როგორც მრავალი სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს მხოლოდ საკადრო ცვლილებებით თავდაცვის უწყება პრობლემებს თავს ვერ დაახწევს.

“დიდი ნაბიჯია თავდაცვის მინისტრად სამოქალაქო პირის დამტკიცება, მაგრამ მისი ნორმალური მუშაობისთვის სამინისტროში გარემო არ არსებობს. თავდაცვის სამინისტრო საბჭოური, კორუმპირებული და ოჯახურ ბიზნესად გადაქცეული უწყებაა” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” კოჯრის ელიტური ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა, პირველმა ქართველმა კომანდოსმა ნიკა ჯანჯღავამ, რომელმაც ჯარის რიგები დემონსტრაციულად 2002 წელს დატოვა და მიზეზად თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფცია და ჯარში გამეფებული “აუტანელი პირობები” დაასახელა.
 
სხვათა შორის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი აქტიურად შეისწავლის თავდაცვის სამინისტროში არსებულ სავარაუდო დარღვევებსა და კორუფციულ ფაქტებს, რომლებიც ძირითადად უცხოური გრანტების არამიზნობრივად გამოყენებას ეხება. მასალები კომიტეტმა გენპროკურატურას უკვე გადასცა.

კომიტეტმა 11 თებერვალს დავით თევზაძე დაიბარა, რომელმაც აღიარა რომ სამინისტროში მართლაც არის დარღვევები, თუმცა პასუხისმგებელი პირების დასახელებისგან თავი შეიკავა. 13 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თევზაძის წინააღმდეგ რომ რამე მასალა არსებობდეს იგი ელჩად არ დაინიშნებოდა.

ქრონიკული დაუფინანსებლობა – ეს ის ძირითადი პრობლემაა, რომელიც ჯარში ყველანაირ რეფორმას აფერხებს. წლიდან-წლამდე თავდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს ახალწვეულთა გაწვევას. მაგალითად 25-ე ბრიგადას მოუხდა უარი ეთქვა ახალწვეულთა მიღებაზე იმ მიზეზის გამო, რომ ელემენტარულად სამხედრო ნაწილში საკმარისი რაოდენობის სამხედრო ფორმები არ არსებობდა.

ქვეყანამ ფინანსური პრობლემების გამო სავალდებულო სამხედრო სამსახური 24 თვის ნაცვლად 18 თვით განსაზღვრა. 

“საქართველოს პოტენციური მტრები არ ჰყავს. შეგვიძლია, ქამრები უფრო მეტად შემოვიჭიროთ და მცირერიცხოვანი, მაგრამ ეფექტური ჯარი შევქმნათ” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სამხედრო ექსპერტმა კობა ლიკლიკაძემ.

“მე ვემხრობი არამარტო პირადი შემადგენლობის, არამედ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთ წლამდე შემცირებასაც. დამაფიქრებელია გენერლების რაოდენობაც. დღეს საქართველოს 18 გენერალი ჰყავს, როცა ჩვენი პირობებისთვის ორიც კი ბევრია” _ ამბობს ნიკა ჯანჯღავა.

ნატოს რეკომენდაციებში ასევე შედის კონკრეტულად ოფიცერთა რაოდენობის შემცირება. ამჟამად ოფიცერთა რაოდენობა ჯარისკაცთა 20% შეადგენს, ალიანსის რეკომენდაციაა ამ მაჩვენებლის სულ ცოტა ოჯელ შემცირება.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ “წვრთნისა და აღჭურვის პრგრამის” ფარგლებში გაწვრთნილი ოთხი ბატალიონი არის ერთადერთი ქართული შენაერთი, რომელიც მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს დასავლურ სტანდარტებს.

“წვრთვნა და აღჭურვის” 2002-2004 წლების პროგრამა 2000 ჯარისკაცისა და ოფიცრის მოსამზადებლად შეიქმნა და შეერთებულმა შტატებმა 65 მილიონი დოლარით დააფინანსა.

საქართველოს მთავრობამ პროგრამის მონაწილე სამხედროთა სამწლიანი სახელფასო ანაზღაურება ივალდებულა. ისინი ქართულ ჯარში ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ. ჯარისკაცის ხელფასი 380-400 ლარით, ოფიცრის – 500-670 ლარით განისაზღვრა. მაშინ როდესაც ქართული ჯარის ძირითადი ნაწილი 80 ლარიან ხელფასზეა დამოკიდებული. სამხედრო ექსერტები აცხადებენ, რომ ამგვარი დისბალანსი სახელფასო სისტემაში დიდ საფრთხეს შეიცავს.

“ორი ტიპის ჯარი გვყვავს: ერთი 400 ლარს იღებს, მეორე 80 ლარს. რატომ უნდა იღებდეს ჯარისკაცი პოლკოვნიკზე მეტს? წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ წვრთნისა და აღჭურვის პრგრამის ჯარიკსკაცები მაღალ ხელფასებს იღებდნენ, მაგრამ ჩვენც მოგვხედონ, ან გვითხრან აღარ გვჭირდებით და წიდით სახლებში” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა, რომელსაც ამერიკელების პროგრამა არ გაუვლია და რამელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა.

“დიფერენცირება ორი წლით დასაშვებია, მაგრამ ეს სხვაობა დროში არ უნდა გაიწელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიფერენცირების პრობლემა სამხედროთა სოციალურ ამბოხებამდე მიგვიყვანს, რისი მაგალითებიც საქართველოს ბოლო წლებში ჰქონდა და რისი განმეორებაც გამორიცხული არ არის” _ ამბობს “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში სამხედრო ექსპერტი, ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე.

“არ შეიძლება სამხედროებს აყურებინო სხვა როგორ კარგს ჭამას, როგორ კარგ ხელფასს იღებს, თვითონ კი _ ცუდს. მე დაფინასების ერთიანი სტანდარტის მოხრე ვარ. თუ სამხედრო არაპროფესიონალია, ნუ აჩერებ სამსახურში და 80 ლარსაც ნუ უხდი, ხოლო თუ პროფესიონალია, მაშინ სახელმწიფომ შესაბამისი ხელფასი უნდა მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური ანაზღაურება მაქვს, თავს მაინც უხერხულად ვგრძონობ. როცა მე 80 ლარიანი ხელფასი მქონდა, ქუჩაში გასვლა მრცხვენოდა, ახლა _ ამ დიფერენცირების მრცხვენია” _ ეუბნება “სივილ ჯორჯიას” “წვრთვნისა და აღჭურვის პროგრამის” მონაწილე, თელავის 111-ე ბატალიონის მეთაური, კაპიტანი ლაშა ბერიძე.

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე, 25 იანვარს, პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ჯარში სამსახური პრესტიჟული გახდეს.

“ჯარში სამსახური პრივილეგირებული უნდა გახდეს. უცილებელია, რომ ყველას გავლილი ჰქონდეს ერთი, ან ორ კვირიანი სამხედრო მომზადება. მე ვაპირებ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, რათა არც ერთი ადამიანი არ დაინიშნოს თანამდებობაზე, თუ მას ან მის შვილს არ აქვს გავლილი სამხედრო მომზადება. დღეს ვერც ერთი თანამდებობის პირის შვილს ჯარში ვერ ნახავთ. ჩვენი ჯარი უპატრონოთა ჯარია” – აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი.

ექსპერტთა ვარაუდით, რეფორმების დაუყოვნებლივ გატარების პოლიტიკური ნება არსებობს, თუმცა ქვეყნის ფინანსური საშუალებები ჯარში მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების შესაძლებლობას ჯერ არ იძლევა.

მსგავსი/Related

Back to top button