
ასლან აბაშიძის განცხადებით, აჭარა არჩევებში მონაწილეობას მიიღებს
ასლან აბაშიძემ აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში 28 დეკემბერს განაცხადა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნება.
„მე და რიჩარდ მაილსი [აშშ-ის ელჩი საქართველოში] შევთანხმდით, რომ უმჯობესია გვერდზე გადავდოთ კონფრონტაცია [ქვეყნის ახალ ხელისუფლებასთან]“, – განაცხადა აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ.
ცოტა ხნის წინ იგი უარს ამბობდა რეგიონში საარჩევნო უბნების გახსნაზე და ქვეყნის ახალი ხელისუფლებისგან საპრეზიდენტო არჩევნების ივნისამდე გადადებას მოითხოვდა.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ და სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დეკემბერში გამართული მოლაპარაკებების დროს ვერ შეძლეს დაერწმუნებინათ აჭარის ლიდერი უარი ეთქვა არჩევნების ბოიკოტირებაზე. აშშ-ის ელჩი საქართველოში დეკემბრის თვეში სამჯერ ჩავიდა ბათუმში და შეხვდა ასლან აბაშიძეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დილით აჭარაში გაემგზავრა, სადაც ავტონომიურ რესპუბლიკაში წინა-საარჩევნო მზადების პროცესს გაეცნობა.