skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძემ და აბაშიძემ კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს


(თბილისი, 11 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ჯერ ვერ მივაღწიეთ, თუმცა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დიალოგი დაიწყო”, – განუცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 10 დეკემბერს ბათუმიდან ჩამოსვლის შემდეგ, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან.


ასლან აბაშიძე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ივნისამდე გადადებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი 4 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრება.


ბათუმში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ბურჯანაძემ და აბაშიძემ მოლაპარაკებების თაობაზე მოკლე კომენტარები გააკეთეს.


“ცენტრალურ და რეგიონალურ ხელისუფლებებს შორის ბევრი პრობლემაა, რაც დროულად მოგვარებას საჭიროებს. ჩვენ ორივე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ დიალოგს ჩაეყარა საფუძველი. მე მზად ვარ მოლაპარაკებები მომავალშიც გავმართო”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ.


“მე ვფიქრობ ზურაბ ჟვანიაც [სახელმწიფო მინისტრი] ასევე ჩამოვა ბათუმში და მოლაპარაკებებს გამართავს ასლან აბაშიძესთან. თუ საჭირო გახდება, მე კვლავ ჩამოვალ ბათუმში”, – განაცხადა ბურჯანაძემ.


“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვესმის ერთმანეთის. დადგა დრო, რომ ჩვენი პოზიციები დავაახლოვოთ”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ შეხვედრის შემდეგ.


“ორივე მხარეს სხვადასხვა პოზიციები აქვს პრობლემების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგს ჩაეყარა საფუძველი. ძალიან მნიშველოვანი იქნება, თუ ნდობა აღსდგება მხარეებს შორის”, – განაცხადა აბაშიძემ.


“თუ არსებულ დე ფაქტო ხელისუფლებას [აბაშიძე არსებულ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს] რაიმე პოზიტიურის გაკეთება სურს, მან თავდაპირველად უნდა დაამტკიცოს ეს”, – დასძინა აბაშიძემ.


თბილისში დაბრუნებისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ბათუმში ასლან აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთსა და აჭარას შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის საკითხიც განიხილეს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ იგი ამარტივებს სავიზო რეჟიმს აჭარის მოსახლეობისათვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის ეს გადაწყვეტილება და მას საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა უწოდა.


“რა თქმა უნდა, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის არ უნდა ეხებოდეს საქართველოს მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებს. რუსეთს ცენტრალური ხელისუფლებისთვის წინასწარ უნდა ეცნობებინა ამ გადაწყვეტილების თაობაზე”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს. მან თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა, თუ როგორი იყო ასლან აბაშიძის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.    

Back to top button