ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი გადადგა

ოპოზიცია მოსახლეობას ჩვეული ცხოვრებისკენ მიბრუნებას მოუწოდებენ

23 ნოემბერს, 20:45 საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თანამდებობა დატოვა. “ვხედავ, რომ ჩემი უფლებების გამოყენება სისხლისღვრამდე მიგვიყვანს, მაგრამ მე ჩემი ხალხისთვის არ მიღალატია. ახლა სჯობს პრეზიდენტი გადადგეს. ჩემი საქმე არ არის თუ ვინ იქნება ჩემი მემკვიდრე. მე საქართველოს დატოვებას არ ვაპირებ, მივდივარ სახლში”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჟვანიასა და “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერ მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.
 
“ედუარდ შევარდნაძემ ღირსეულად დაუსვა წერტილი იმ ვითარებას რაც ბოლო დღეებში საქართველოში ვითარდებოდა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ  მის ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

“შეხვედრა ძალიან ამაღლებულ განწყობაზე ჩატარდა. პრეზიდენტი მშვიდად საუბრობდა ჩვენთან შეხვედრის დროს. მან ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ დარჩება თბილისში, სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია და მზად არის დახმარება აღმოუჩინოს მის მემკვიდრეს”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის შესახებ განცხადება პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ აცნობა და ხალხს გამარჯვება მიულოცა. “პრეზიდენტი გადადგა, გილოცავთ ამ მშვიდობიან გამარჯვებას!” – მიმართა ათეულობით ათას ადამიანს ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით ახლა მთავრი გეგმაა ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნება. “მთავარია ახლა ყველამ თავისი საქმე აკეთოს და წესრიგი შევინარჩუნოთ ქვეყანაში” – განაცხდა ზურაბ ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებამდე ოპოზიციის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან ერთად კრწანისის რეზიდენციაში მივიდნენ, რათა დაეთანხმებინათ ედუარდ შევარდნაძე თანამდებობის დატოვებაზე. შეხვედრა მალევე დატოვა იგორ ივანოვმა, რომელიც აეროპორტში წავიდა, საიდანაც სპეციალური რეისით ბათუმში გაემგზვარა. იგი პირადად შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს ასლან აბაშიძეს და განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ასლან აბაშიძის მოსკოვში ვიზიტის დროს შემდგარი დიალოგის გაგრძელებაა.

თავად ასლან აბაშიძემ თბილისში მომხდარ მოვლენებთან მოგვიანებით გააკეთა განცხადება. “რევოლუციას ხალხისთვის სიკეთე არ მოუტანია. რევოლუცია ხავერდოვანი არასოდეს არ ყოფილა”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი თბილისში 23 ნოემბერს ღამით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით ჩამოვიდა და მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს აწარმოებდა როგორც ოპოზიციის ლიდერებთან, ისე პრეზიდენტთან.

“რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების მშვიდობიანად მოგვარებაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში. ამ პრობლემის მოგვარება დიალოგის გზით უნდა მოხდეს. რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს”, – აცხადებდა იგორ ივანოვი, რომელიც ჯერ კიდევ გამთენიისას ოპოზიციის ლიდერებს პარლამენტის შენობის წინ მიტინგის მსვლელობის დროს შეხვდა.

იგორ ივანოვი რამდენჯერმე შეხვდა ასევე საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც ოპოზიციის ლიდერებს ულტიმატუმს უყენებდა და 22 ნოემბერს დაკავებული  პარლამენტის და სახელმწიფო კანცელარიის შენობების განთავისუფლებას მოითხოვდა.
“მოლაპარაკება და დიალოგი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც განთავისუფლდება პრეზიდენტის რეზიდენცია და პარლამენტის შენობა. ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს”, – აცხადებდა ედუარდ შევარდნაძე.

ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტს ერთი საათის ვადა მისცეს, რათა თავადვე გაეკეთებინა განცხადება გადადგომის შესახებ. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი კრწანისის რეზიდენციაში აღარ იმყოფებოდა და მან საქართველო უკვე დატოვა. კრწანისის რეზიდენციაში მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო სამთავრობო და სასწარაფო დახმარების ავტომანქანები.

მოგვიანებით ოპოზიციის ლიდერები მიხელ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია პარლამენტის წინ შეკრებილ ათი ათასობით ადამიანს შეუერთდა და ორკვირიანი მშვიდობიანი ბრძოლოს შემდეგ გამარჯვება მიულოცეს.

“ეს არ იყო მხოლოდ ხავერდოვანი, “ვარდების” რევოლუცია, ეს იყო სიყვარულის რევოლუცია. ჩვენ გავიმარჯვეთ არა იმიტომ, რომ ვიღაც გვძულდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ მთელ თბილისში ხალხი გამარჯვებას ზეიმობს, რუსთაველის გამზირზე ისმის შეძახილები “საქართველოს გაუმარჯოს”, ცეკვავენ და ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ.

23 ნოემბრამდე ორი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის და “ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენლებთან ერთად თბილისში რეგიონებიდან მოსახლეობა ჩამოდიოდა და თავისუფლების მოედანზე იკრიბებოდა. 22 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერები სათავეში ჩაუდგნენ მოსახლეობის ფართო მასებს და დაიკავეს კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც თავიდანვე მობილიზებული იყო ჯარის და სამართალდამცავი ორგანოების ნაწილები, თუმცა, მათ მომიტინგეებს წინააღმდეგობა არ გაუწიეს და გზა გაუხსნეს. სამხედრო ნაწილების დიდმა ნაწილმა უნდობლობა გამოუცხადა ხელისუფლებას და მოსახლეობა შეუერთდნენ.

მოგვიანებით ოპოზიციის ლიდერების წინამძღოლობით, ყვავილებით ხელში შესაძლებელი გახდა პარლამენტის შენობაში შესვლა, სადაც ახალი პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ პრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა. ოპოზიციის და მოსახლეობის ერთი ნაწილის სხდომათა დარბაზში შესვლის შემდეგ დაცვამ პრეზიდენტი გაიყვანა შენობიდან.
ოპოზიციის აქტივისტები მშვიდობიანად შევიდნენ ასევე სახელმწიფო კანცელარიაში. ჯერ კიდევ 22 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე აცხადებდა, რომ არ გადადგებოდა.

საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ს პირველმა მდივანმა, რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა, საქართველოს მეორე პრეზიდენტმა, 75 წლის ედუარდ შევარდნაძემ 23 ნოემბერს პირადად აცნობა საქართველოს მოსახლეობას გადადგომის შესახებ, რომელიც მოხარულია, რომ ახლა შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი განვლილი პოლიტიკური ცხოვრების შესახებ წეროს.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

მსგავსი/Related

Back to top button